ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „რუსთავმა“ რეპეტიციები განაახლა
ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „რუსთავმა“ რეპეტიციები განაახლა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ანსამბლის გაერთიანებულ რეპეტიციას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავასთან ერთად დაესწრო, ანსამბლის ხელმძღვანელებს და შემოქმედებით კოლექტივს შეხვდა.
შეხვედრაზე თინათინ რუხაძემ ანსამბლს ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
„ხელოვნებაში არსებობს აღმავლობა და კრიზისი ისევე, როგორც ყველა სხვა სფეროში. მოხარული ვარ, რომ ანსამბლმა გარკვეული სირთულეების გადალახვის შემდეგ, მოიკრიბა ძალა და როგორც ბატონი ანზორ ერქომაიშვილი და ბატონი ფრიდონ სულაბერიძე იმსახურებენ, ისეთ ფორმაში არიან დღეს. მოხარული ვარ, რომ დაიწყო საგასტროლო ტურნეები, ნელ-ნელა ფორმაში შედიხართ როგორც ცეკვის, ისე სიმღერის ნაწილში. ანსამბლში სამი დასია – ცეკვის, სიმღერის და მუსიკოსთა, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო რომ ღირსეულად, თავაწეულად ატარებენ ბატონი ანზორ ერქომაიშვილის სახელს. ამ ანსამბლთან აუცილებლად ბოლომდე იქნება დაკავშირებული ბატონი ფრიდონ სულაბერიძის სახელი, დიდხანს სიცოცხლე მას. ეს დასი თავაწეულად ატარებს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ ,,რუსთავის“ სახელს. მადლობა ყველას, ვინც დღეს დგას და მუხლჩაუხრელად შრომობს იმისთვის, რომ ანსამბლი მაღალპროფესიულ დონეზე იყოს წარმოჩენილი“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.
ბოლო პერიოდში ანსამბლში შექმნილმა კრიზისმა ნეგატიური გავლენა იქონია შემოქმედებით პროცესზე. კრიზისის დაძლევის მიზნით, დაწყებულია რეორგანიზაციის პროცესი, რაც შესაძლებელს გახდის ანსამბლის საქმიანობის ეფექტურად ორგანიზებას, პროფესიული სტანდარტების ამაღლებას და სახელმწიფო ინსტიტუციის ფუნქციებთან შესაბამისი მუშაობის გაძლიერებას.