წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე თსუ-ს ლიტერატურული ალმანახის „პირველი სხივის“ წარდგენა გაიმართა

წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე თსუ-ს ლიტერატურული ალმანახის „პირველი სხივის“ წარდგენა გაიმართა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, „პირველი სხივი“ უნივერსიტეტის ტრადიციული ჟურნალია, რომელიც წლების განმავლობაში მიზნად ისახავდა ახალგაზრდა შემოქმედთა წახალისებას და მათი ნაწერების მკითხველისთვის წარდგენას.

პირველი ნომერი 1950 წელს უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორის ნიკო კეცხოველის თაოსნობით გამოიცა. „პირველი სხივის“ ნომრებში შედგა ნოდარ დუმბაძის, რეზო ინანიშვილის, არჩილ სულაკაურის, თამაზ ჩხენკელის, მუხრან მაჭავარიანის, რევაზ ჯაფარიძის, თამაზ და ოთარ ჭილაძეების, ვახტანგ ჯავახაძის, შოთა ნიშნიანიძის, მორის ფოცხიშვილის, ვახუშტი კოტეტიშვილის, ჯანსუღ ჩარკვიანის, ტარიელ ჭანტურიას, ლია სტურუას, რეზო ჭეიშვილის და ქართული მწერლობისა თუ მეცნიერების სხვა წარმომადგენელთა ლიტერატურული დებიუტი.

ჟურნალში, გარდა პროზისა და პოეზიის ორიგინალური ტექსტებისა, იბეჭდება თარგმანები სხვადასხვა ენიდან; ცალკე რუბრიკა ეძღვნება დრამატურგიას, ლიტერატურათმცოდნეობასა და კრიტიკას. აქვეა რუბრიკა „მასტერკლასი“, რომლის დახმარებითაც ახალგაზდა მწერლებს საშუალება აქვთ, გაეცნონ როგორც უცხოელი, ისე თანამედროვე ქართველი ავტორების შეხედულებებს წერის ხელოვნებაზე.

აღდგენილი ალმანახი მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტით არ შემოიფარგლება, მასში საკუთარი ნაწარმოებების გამოქვეყნება შეუძლიათ სხვა ახალგაზრდა პოეტებს, პროზაიკოსებს და ლიტერატურათმცოდნეებს.

წიგნის ფესტივალზე პრეზენტაცია გამართა ალმანახის რედაქტორმა, თსუ პროფესორმა, მწერალმა გიორგი ლობჟანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები