სიღნაღის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი სპექტაკლ „უსახელო ვარსკვლავით“ გაიხსნა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სიღნაღის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ბორჯომის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სახალხო თეატრის სპექტაკლ „უსახელო ვარსკვლავით“ გაიხსნა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ერთმოქმედებიანი ლირიკული კომედია რეჟისორმა ლუკა ინწკირველმა დადგა. წარმოდგენა სიღნაღის მუნიციპალურ თეატრში გაიმართა.
სპექტაკლამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა, საქართველოს პარლამენტში გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის დელეგატმა გიორგი ბენაშვილმა და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა საბა ასლამაზიშვილმა.
სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მიზანია ქვეყანაში სამოყვარულო, სახალხო თეატრების მხარდაჭერა და ქართულ თეატრალურ სამყაროსთან ინტეგრაცია. მაყურებელს საშუალება აქვს დაესწროს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების კულტურის ცენტრებთან არსებული სახალხო თეატრების, სამოყვარულო და უცხოური დასების წარმოდგენებს.
წლევანდელი ფესტივალი უფრო მასშტაბურია და მასში მონაწილეობს რვა ქართული და ოთხი უცხოური თეატრი თურქეთიდან, რუმინეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და აზერბაიჯანიდან.
გარდა საკონკურსოდ შერჩეული სპექტაკლებისა, ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება მეტყველების, მსახიობის ოსტატობის, სცენური მოძრაობის, მუსიკისა და სხვა მასტერკლასები. ფესტივალზე პირველად გაიმართება ფილმის „ეიმუნტას ნეკროშუსი – ჰორიზონტის გადაწევა“ ჩვენება.
ფესტივალი 8 ივნისს დაიხურება. საზეიმო ცერემონიაზე გამოვლინდება I, II და III ადგილებზე გასული სპექტაკლები. გამარჯვებულ დასებს ფულადი პრემიები გადაეცემათ, რომელსაც თეატრის საჭიროებისთვის გამოიყენებენ.
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით 2023 წელს დაფუძნებული თეატრალური ფესტივალი სიღნაღში ყოველი წლის ივნისში იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები