დევნილ ვეტერანებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

დევნილთა და განსახლების სამინისტრო, სამედიცინო კლინიკებთან გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, დევნილი ვეტერანების უფასო სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს.
სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ფოთის სამედიცინო ცენტრში , კლინიკების: „გორმედი“-ს , „ჩხობაძის სახელობის სამედიცინო კლინიკის“ და „დიმიტრი ნაზარაშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასაწავლო ცენტრის“ ექიმებმა 30-მდე ვეტერანს უფასო ამბულატორიული გამოკვლევები ჩაუტარეს.
გამოკვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ 12-მდე პაციენტი საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას. მათი გადაყვანა შესაბამისი პროფილის კლინიკებში მოხდა.
აფხაზეთის ომის ვეტერან ელგუჯა ჯღარკავას, გამოკვლევის შედეგად, დაუდგინდა გულის ქრონიკული უკმარისობის დიაგნოზი გამწვავების სტადიაში. პაციენტი გადაიყვანეს კლინიკა „გორმედ“-ში, სადაც უმოკლეს ვადაში კორონაროგრაფია ჩაუტარდება.
ომის მონაწილე რეზო შენგელიას კლინიკა „გორმედ“-ში თავის ქალის პლასტიკის ოპერაციას ჩაუტარებენ.
მემორანდუმი ითვალისწინებს საოპერაციო ხარჯების, სტაციონარული მკურნალობისა და სარეაბილიტაციო პერიოდის საფასურის სრულ დაფარვას. დევნილი ვეტერანების უფასო სამედიცინო გამოკვლევების პროცესი დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა და ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ მოინახულეს. ომის მონაწილეების უფასო სამედიცინო მომსახურების პროცესში აქტიურად არის ჩართული ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. აღნიშნული პროექტი უკვე განხორციელდა ქალაქ ზუგდიდში, სადაც სამედიცინო მომსახურება 30 ვეტერანს გაეწია. სამინისტროსა და სამედიცინო კლინიკების თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები