„ეს დამოუკიდებლობა ვინმეს უნდა ვანაცვალოთ? ან რუსეთს, ან ევროპას? ჩვენ ხომ თავისუფალი ადამიანები ვართ, ჩვენ ხომ გვინდა, რომ ყველასთან გვქონდეს სამართლიანი და თანასწორი ურთიერთობები” – მეუფე იაკობი
„ეს დამოუკიდებლობა ვინმეს უნდა ვანაცვალოთ? ან რუსეთს, ან ევროპას, ან ნებისმიერს, უნდა ვანაცვალოთ? ჩვენ ხომ თავისუფალი ადამიანები ვართ, ჩვენ ხომ გვინდა, რომ ყველა ერთან გვქონდეს სამართლიანი და თანასწორი ურთიერთობები”, – ამის შესახებ ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით სტეფანე ხირსელის მამათა მონასტერში ჩატარებული ღვთისმსახურებისას ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ისაუბრა.
“რას ჰქვია დიდი ძმა ან დიდი და. პატარა ძმა რატომ უნდა ვიყო ვინმესთვის. თუ დაბადებული ვარ, ჩემზე დიდი ხნის ხარ როგორც ერი, რომელიმე? რაც არ უნდა ხელი შეგვიშალონ, ქართველს მაინც ღმერთს ვერავინ წაართმევს და ღმერთს ქართველს ვერავინ წაართმევს, კარგად ვიცოდეთ. ამიტომ, ჩვენთან ურთიერთობაში ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ ის, რომ ჩვენ ეს სარწმუნოება ზნეობრივ და მორალურ ვალდებულებებსაც გვაკისრებს. არ უნდა შეეხონ ხოლმე რაღაც ისეთს, რაც უშუალოდ ჩვენია. რაც ინტიმურად გვაკავშირებს, სულიერად გვაკავშირებს ღმერთთან.
ყოველთვის არის რაღაც რაოდენობა ხალხის, რომელსაც რაღაც არ მოსწონს. რაღაცის ყოველთვის წინააღმდეგია. წინააღმდეგია, თან იმასაც ვერ გამოთქვამენ. ჩვენთან რატომ არ მოდიან. ეკლესიამ რამდენჯერ შევთავაზეთ მოსულიყვნენ ჩვენთან. ზოგი ბალტიისპირეთში იყურება, ზოგი ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოში იყურება, ზოგი იქით, ზოგი იქით და ერთმანეთს ვაზიანებთ. ცდილობენ ეკონომიკა ჩააგდონ, გადაკეტ- გადმოკეტონ და ვის უკეტავ, ხომ მე მიკეტავ და მოდი დამელაპარაკე“, – განაცხადა მეუფემ.