შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი, ავსტრიის დედაქალაქში ნარჩენების გადამუშავების პრაქტიკას გაეცნო
თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტის ფარგლებში, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა, მოადგილეებთან, დავით ბოდოკიასთან და მამუკა კიზირიასთან ერთად სამუშაო ვიზიტით ქალაქ ვენაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას, შპს “თბილსერვის ჯგუფი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქართული დელეგაციის წევრები ვენის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების, უტილიზაციის პრაქტიკას გაეცნენ. ასევე, ევროპელ კოლეგებთან ერთად სამშენებლო ნარჩენების სეპარირებისა და რეციკლირების სპეციფიკა განიხილეს.
გიორგი პაპავამ მოადგილეებთან ერთად ავსტრიის დედაქალაქის მუნიციპალური ნაგავსაყრელი და მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტი დაათვალიერა. დელეგაციის წევრები სორტირებისა და მეორადი საწვავის ქარხნებსაც ესტუმრნენ.
სამუშაო ვიზიტი კორპორაციული განვითარებისა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა, რომელზეც ავსტრიული საკონსულტაციო კომპანია GWCC-INTERIVAL ZT GMBH მუშაობს.