ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს

კრწანისის სამხედრო ბაზაზე ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 201-ე, 202-ე, 203-ე და 204-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონების რეზერვისტების სამხედრო ფიცის მიღების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო. ღონისძიებას ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას მან რეზერვისტებს ფიცის მიღება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

გენერალმა განსაკუთრებული მადლობა რეზერვში ჩარიცხულ ქალბატონებს გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

სწავლების პროცესში მაღალი დისციპლინისა და საუკეთესო შედეგების მქონე რეზერვისტებმა მადლობის სიგელები მიიღეს. ფიცის დადების ცერემონიას ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და რეზერვისტების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 201-ე, 202-ე, 203-ე და 204-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონები დაკომპლექტებულია თბილისის, კახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონების მოქალაქეებით. ფიცის მიღებამდე, რეზერვისტებმა, ტრადიციულად, რვადღიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს.

4-წლიან სარეზერვო სამსახურში რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეს მოიცავს. მომზადების კურსის მთავარი ამოცანა გეგმიურ შეკრებებზე რეზერვისტებისთვის თეორიულ ცოდნასთან ერთად, რეალური საბრძოლო და კრიზისებზე რეაგირების უნარების შესწავლაა.

ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში რეზერვისტები სარგებლობენ ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევით. სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის დასრულების შემდეგ, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ეთვლებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები