სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა შემაშფოთებელია

გაეროს ბავშვთა ფონდმა საჯარო სკოლებში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგები საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა მაია ქურციკიძემ შეაჯამა.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ზოგადად, საქართველოს საჯარო სკოლებში დღეისათვის არასახარბიელო მდგომარეობაა წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის საერთაშორისო სტანდარტის ყველა ძირითადი პუნქტის მიხედვით. მდგომარეობა შედარებით უკეთესია დედაქალაქისა და სხვა ურბანული დასახლებების სკოლებში, ვიდრე სოფლად.
„იუნისეფის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, საქართველოს 600 სკოლაში ჩატარდა კვლევა. სკოლებში არსებული მდგომარეობა, მართლაც, შემაშფოთებელია. სკოლების უმრავლესობაში წყაროს წყალი არ არის უსაფრთხო. სოფლის სკოლებში კი ტუალეტები სკოლებიდან 300 მეტრით არის დაშორებული. სტანდარტის თანახმად კი მხოლოდ 30 მეტრით უნდა იყოს დაშორებული. არ ხდება სასმელი წლის უსაფრთხოების მუდმივი მონიტორინგი. ამ პროექტის ფარგლებში კვლევასთან ერთად სკოლებისათვის შევიმუშავეთ წყლის, ჰიგიენისა და სანიტარული სტანდარტები. მნიშვნელოვანია ის, რომ სკოლებში ამ სტანდარტების დანერგვა და მისი მონიტორინგი მოხდეს“,- განაცხადა მაია ქურციკიძემ.
კვლევის შედეგებით ყოველ მეათე საჯარო სკოლაში ფუნქციონირებადი ხელსაბანი, საპონი და ხელსახოცი არ არის. „სკოლების 70%-ს არ გააჩნია შენობაში წყლის მოწყობილობა, სოფლის სკოლებში წყლის წყაროს 85% შენობის გარეთა. სკოლების მხოლოდ 35%-ს აღენიშნა სანიტარული საშუალებები სკოლების შიგნით. კვლევებმა აჩვენა ისიც, რომ ქალაქის სკოლების 4% -ში და სოფლის სკოლების 12%- ში წყლის წყარო უსაფრთხო არ არის. ეს მდგომარეობა გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე და შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ტიპის დაავადებები, როგორიცაა დიარეა. ასევე უარყოფით გავლენას მოახდენს სასწავლო პროცესზე და ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზე. ბავშვის ჯანმრთელობასთან ერთად აღნიშნული პრობლემები პირდაპირ არის დაკავშირებული სწავლის ხარისხთან“,- განაცხადა მაია ქურციკიძემ.
ქურციკიძის განცხადებით, გარდა იმ სტანდარტებისა, რომელიც იუნისეფის დახმარებით შემუშავდა, აუცილებელია ბავშვებთან ჰიგიენურ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული საგანმანათლებლო სამუშაოები ჩატარდეს, რომ მათ იცოდნენ, როგორ დაიცვან ჰიგიენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები