საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა, რაზედაც დაკავებული იქნა ერთი პირი.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით საბაჟო კონტროლისგან მალულად, კერძოდ, მისი მართვის ქვეშ მყოფი სამგზავრო ავტობუსის სალონში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 546 129,52 ლარის საბაჟო ღირებულების 3 197,18 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.