სლოვენიის პრეზიდენტის თქმით, მან ფონ დერ ლაიენისგან სიგნალი მიიღო, რომ ბრიუსელი მოსკოვთან კავშირების აღდგენაზე მუშაობს
სლოვენიის პრეზიდენტმა, ნატაშა პირც-მუსარმა, Politico-სთან ინტერვიუში ევროკავშირის მიერ რუსეთთან კომუნიკაციაზე უარი შეცდომად შეაფასა და განაცხადა, რომ მან ევროკომისიის პრეზიდენტისგან, ურსულა ფონ დერ ლაიენისგან სიგნალი მიიღო, რომ ბრიუსელი მოსკოვთან კავშირების აღდგენაზე მუშაობს.
„ევროკავშირის ერთ-ერთი შეცდომა იყო ის, რომ შევწყვიტეთ რუსეთთან ურთიერთობა“, – განაცხადა მან. ამ ვითარების გამოსასწორებლად მან მოუწოდა ევროკავშირს, დაასახელოს „ბრძენი კაცებისა და ქალების“ ჯგუფი, რომელიც ჩუმი დიპლომატიით დაიწყებს პროცესს, როგორც პირდაპირი დიალოგისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯს.
მუსარის შეფასებით, როცა ევროკავშირი უარს ამბობს რუსეთთან, ასევე უნგრეთთან და სლოვაკეთთან პირდაპირ დიალოგზე, იგი სუსტ პოლიტიკურ მოთამაშედ აღიქმება. „ევროკავშირს არ აღიქვამენ, როგორც პოლიტიკურად ძლიერ ჯგუფს“ – აღნიშნა მან. პრეზიდენტის აზრით, ევროპის მიზანი მოლაპარაკების მაგიდასთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რუსეთთან და უკრაინასთან ერთად ადგილის დამკვიდრება უნდა იყოს.
მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები ჯერჯერობით შედეგს არ იძლევა, ევროპას სხვა გზა არ აქვს. მუსარმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიუსელში, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას სწორედ ეს საკითხი დააყენა და ევროკომისიის პრეზიდენტი ამ იდეას ინტერესით მოეკიდა: „მან მითხრა, რომ ამაზე მუშაობენ“, – აღნიშნა მუსარმა.