„კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა მაქსიმუმ 20-25 მოსწავლით უნდა განისაზღვროს“
განათლების ხარისხზე უარყოფითად აისახება კლასებში მოსწავლეთა დიდი რაოდენობა, ეს საკითხი უნდა მოწესრიგდეს და კლასში მაქსიმუმ 20-25 მოსწავლე უნდა იყოს,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას” პრესკლუბში ზოგადი განათლების პროფესიული კავშირების ხელმძღვანელმა ეკა ჩერქეზიშვილმა გააკეთა.
ჩერქეზიშვილის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ სამინისტრომ 35 ბავშვიდან პირველკლასელთა რაოდენობა ერთ კლასში 29 – მდე შეამცირა, ეს საკმარისი არ არის. ზოგადი განათლების პროფესიული კავშირების ხელმძღვანელის განმარტებით, აღნიშნულ პრობლემასაც საბოლოოდ თანხების ნაკლებობამდე მივყავართ. მისი თქმით, განათლების სამინისტრო მკვეთრად ვერ ამცირებს ჯგუფებს, რადგან ეს დაწყებითი კლასების მასწავლებლების მატებას გამოიწვევს, მასწავლებლების მატება კი ხელფასების გაცემასთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც სამინისტრომ ბიუჯეტში ალბათ ვერ გამოძებნა.
„როცა სკოლაში ერთი პირველის მაგივრად იღებ 2 პირველ კლასს, ამით ორმაგდება მასწავლებელთა რაოდენობაც, ამ მასწავლებლებს შესაბამისი ანაზღაურება სჭირდებათ. ეს თანხები არ დევს ბიუჯეტში და შესაძლოა, სწორედ ამით იყოს განპირობებული ის, რომ დღეს პირველ კლასებში 29 მოსწავლეა. თუ განათლების ხარისხი მართლა საქმით არის მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ დეკლარირების დონეზე, მინიმუმ 20- 25 მოსწავლით უნდა განისაზღვროს მათი რაოდენობა“,- განაცხადა ეკა ჩერქეზიშვილმა.
ეკა ჩერქეზიშვილმა სახელმძღვანელოების პრობლემაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, იყო შემთხვევები, რომ სკოლებში ორი კვირის დაგვიანებით დარიგდა სახელმძღვანელოები, დარიგებული სახელმძღვანელოების ნაწილი კი წინა წელს სხვა მოსწავლის მიერ იყო ნახმარი, რის გამოც მასში შევსებული იყო ყველა ის გრაფა, რომელზეც მოსწავლემ უნდა იმუშაოს.