“ორი განზომილებაა – საგნობრივი, სადაც ვერავინ გაურბის ობიექტურ შეფასებას, თავად ევროკომისიაც კი, პოლიტიკური ნაწილი, რომელსაც აქვს სუფთა პოლიტიკური ინტერესები, მათ შორის პოლიტიკური დევნის ინტერესები, რომელიც ევროპაში ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს აქვს, რომ პოლიტიკურად განდევნონ საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, “- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობასთან დაკავშირებით განაცხადა.
„საქართველოს ევროინტეგრაციის გზას აქვს ორი განზომილება – ერთი, ეს არის საგნობრივი ნაწილი, სადაც თავად ევროკომისიის დასკვნებითაც კი, რომ გაეცნოთ ბოლო დასკვნას, რომელიც ოქტომბერში იყო, იმის წინას, ან იმის წინას, ასევე პარალელურად გაეცნოთ სხვადასხვა სარეიტინგო ორგანიზაციის საერთაშორისო შეფასებებს, ნახავთ, რომ საქართველო არის მოწინავე კანდიდატ ქვეყნებს შორის ბევრი პარამეტრით, ეს ჩანს და თავად ევროკომისია ვერ გაურბის ხოლმე, როდესაც არგუმენტებით არის იძულებული, რომ შეაფასოს. არის მეორე განზომილება – ეს არის პოლიტიკური განზომილება, რომელიც სამწუხაროდ, ევროკავშირის ბიუროკრატების და ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკოსის წყალობით არის იმ ფორმაში, რომელსაც ჩვენ არ ვისურვებდით.
მიზეზი მარტივია – მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი უკრაინაში, ვნახეთ, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთ ჯგუფს ევროპაში, ჰქონდათ მოლოდინი, რომ საქართველო ესკალაციაზე წავიდოდა რუსეთთან და საკუთარი ინტერესების დაზიანების ხარჯზე, სხვის ინტერესებს მოემსახურებოდა. ამაზე მათ მიიღეს კატეგორიული უარი 2022 წლის თებერვალში. ამაზე გაბრაზებულებმა არ მოგვცეს თავის დროზე კანდიდატის სტატუსი და მაშინ თუ ფარული იყო, ახლა პირდაპირ ჩანს, რომ ბალტიის ხელისუფლებები პირდაპირ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებენ. მათი მოკავშირეები საქართველოში რადიკალური ჯგუფები არიან – „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები. ორი განზომილებაა – საგნობრივი, სადაც ვერავინ გაურბის ობიექტურ შეფასებებს და თავად ევროკომისიაც ვერ გაურბის და პოლიტიკური ნაწილი, რომელსაც აქვს სუფთა პოლიტიკური ინტერესები, მათ შორის პოლიტიკური დევნის ინტერესები, რომელიც ევროპაში ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს აქვს, რომ პოლიტიკურად განდევნონ საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.