“კარგად ვნახეთ, როგორ იყო გარედან მართული ცრუ კამპანია გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, იგივე სცადეს „ფარას“ თაობაზეც, ეს არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტია, არამედ არის სტანდარტების მსხვრევა,” – ამის შესახებ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი ხალხის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს რაც უფრო მეტი ადამიანი შეაფასებს ობიექტურად, მით უკეთესი იქნება.
„ქართველი ხალხის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს რაც უფრო მეტი ადამიანი შეაფასებს ობიექტურად, მით უკეთესი იქნება. კარგად ვნახეთ, გარედან ცრუ კამპანია როგორ იყო მართული გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ. იგივე „ფარას“ თაობაზეც სცადეს, რომელიც ამერიკული კანონის პირდაპირ სიტყვა-სიტყვით თარგმანია. ტყუილების გავრცელებას ხელი მოაწერეს, თითქოს განსხვავებული კანონია. ამერიკაში როცა „ფარას“ გამკაცრებაზე მსჯელობენ, თურმე ჩვენ უფლება არ გვაქვს, საქართველოში ასეთი კანონი გვქონდეს. ეს არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტია, არამედ სტანდარტების მსხვრევა. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მსოფლიოში სტანდარტები აღარ არსებობს და მხოლოდ ერთი სტანდარტია, რაც მისაღებია და ხელს უწყობს „დიფ სთეითის“ გავლენების გაზრდას. ეს ჩვენთან გამორიცხულია და ამიტომ ტრამპის ადმინისტრაციას ვგულშემატკივრობთ, რომ „დიფ სთეითი“ დაამარცხოს“, – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ, „ევრონიუსზე“ გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა, რომ „უცხოური გავლენის შესახებ კანონები ორმაგი სტანდარტის გარეშე უნდა შემოწმდეს, რაც მიუღებელია საქართველოში ან უნგრეთში, ასეთნაირად უნდა შეფასდეს გერმანიასა და რუმინეთშიც“.