ფოთში იძულებით გადაადგილებულ პირთა საზოგადოებრივმა საბჭომ შეხვედრა გამართა
ქალაქ ფოთში განსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა საზოგადოებრივმა საბჭომ შეხვედრა გამართა დღეს, ქალაქ ფოთში საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, „ქალაქ ფოთში განსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა საზოგადოებრივი საბჭო“, დევნილ ოჯახებთან შეხვედრა გამართა, რომელზეც საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეულნი იყვნენ დევნილთა და განსახლების სამინისტროს, აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, ასევე ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს, ფოთში, მალთაყვის ჩასახლებაში დევნილთათვის ბინების განაწილების საკითხები. ხაზგასმული იყო ის უმნიშნველო ხარვეზები, რაც ბინების განაწილების პროცესში გამოვლინდა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დევნილთა და განსახლების სამინისტროს დიდი მადლობა გადაუხადეს იმ ღია და გამჭვირვალე თანამშრომლობისათვის, რაც სამინისტრომ გამოიჩინა, როგორც დევნილების, ასევე არასამთავრობო სექტორის მიმართ. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ ასეთი აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ კიდევ ერხელ დაადასტურა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში აფხაზეთის მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს დევნილთა სამინისტროსთან. ასეთი თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მითუმეტეს რომ უახლოეს მომავალში ზუგდიდში 320 დევნილი ოჯახი საცხოვრებლით დაკმაყოფილდება. ამ ბენეფიციარების შერჩევისა და ბინების განაწილების პროცესში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებიც აქტიურად იქნებიან ჩართულები.
ბატონმა გია გვაზავამ, პრეზიდენტის 26 სექტემბრის ბრძანებულების საფუძველზე ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში გმირულად დაღუპული სამთავრობო დაცვის ოფიცერი, ლეიტენანტი ელგუჯა შარტავა.
შეხვედრის დასასრულს, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და სამინისტოს სახელით მომავალი აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.