დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი ოჯახის სიწმინდის დღეზე: ეს დღე თითოეულ ადამიანს გვახსენებს, რომ ჩვენ ყველა ვართ ოჯახის წევრები და შეგვიძლია გარემო შევცვალოთ ჩვენს ირგვლივ, ჩვენს ოჯახებში
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზ გურამ ჭარელაშვილმა 17 მაისთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ეს არის მშობლებისა და შვილების კეთილდღეობისთვის აღვლენილი მსვლელობის დღე, რომელიც მიმართულია ადამიანების, ოჯახების და საბოლოო ჯამში, საზოგადოების გაერთიანებისკენ, რადგან თვითონ ღირებულება ოჯახი არის გამაერთიანებელი. ლოცვითი მსვლელობები გაიმართება ყველა ეპარქიაში, თუმცა გამაერთიანებელი იქნება 10 ქალაქი.
ჩვენი მსვლელობაც ხვალ დაიწყება ქაშვეთის, წმინდა გიორგის ეკლესიიდან და დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში. ეს დღე თითოეულ ადამიანს გვახსენებს, რომ ჩვენ ყველა ვართ ოჯახის წევრები და შეგვიძლია გარემო შევცვალოთ ჩვენს ირგვლივ, ჩვენს ოჯახებში. საბოლოო ჯამში, საზოგადოებაში. სიყვარულზე, ურთიერთმსახურებასა და თანადგომაზე დამყარებული ურთიერთობები არის ზუსტად ის სიმტკიცე, რომელზეც ჩვენ ვქადაგებთ“, – აღნიშნა დეკანოზმა “ქრონიკასთან” საუბრისას.
ცნობისთვის, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მსვლელობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.