ირაკლი ალასანია კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დირექტორები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო. შეხვედრის მიზანი რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე აზრთა გაზიარება იყო.
საერთაშორისო ფონდის ექსპერტებმა ყირიმის კრიზისის შემდეგ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ფონდის სამომავლო საქმიანობის მიმართულებებთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიიღეს. შეხვედრაზე უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად წარმოქმნილი რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივებსა და თავდაცვის სფეროში გერმანია-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.
კონრად ადენაუერის სახელობის ფონდს 70 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. ორგანიზაციის ხელშეწყობით დემოკრატიის, სოციალური საბაზრო ეკონომიკისა და კანონის უზენაესობის მხარდამჭერი პროექტები ხორციელდება. საქართველოში კონრად ადენაუერის ფონდი 2007 წლიდან ფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები