კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის პირველი სოლო კონცერტი გაიმართა
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის პირველი სოლო კონცერტი გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ცნობით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან ხალხური სიმღერისა და ტრადიციული გალობის გუნდი გასულ წელს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა და სალოტბარო სკოლის მოსწავლეებს, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აერთიანებს.
გუნდის შექმნის მიზანი ქართული სამუსიკო ფოლკლორის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა თაობაში ხალხური მუსიკის შემსრულებლობის ტრადიციის გაგრძელებაა.
თეატრის მცირე სცენაზე გამართულ კონცერტზე, რომელსაც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე უძღვებოდა, შესრულდა სხვადასხვა კუთხის ფოლკლორის ნიმუშები, ტრადიციული მრავალხმიანი სიმღერები და საგალობლები. გუნდის წევრები საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შეძენილი სასცენო სამოსით წარდგნენ.
კონცერტს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა და პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია დაესწრნენ.
თინათინ რუხაძემ გუნდის წევრებს წარმატებები უსურვა და სამინისტროს მხრიდან ფოლკლორის, როგორც ქვეყნის სავიზიტო ბარათის მეტად ხელშეწყობას გაუსვა ხაზი.
„ქართული ფოლკლორი არის ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელი, ეს არის ის უნიკალურობა, რაც ჩვენ ქვეყანას განუმეორებელს ხდის მთელს მსოფლიოში, ეს არის ჩვენი სავიზიტო ბარათი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ფოლკლორი იყოს ნომერ პირველი პრიორიტეტი ქართული კულტურისთვის. მადლობა პარლამენტის კულტურის კომიტეტს, ყველა ანსამბლს, რომელიც ამას ემსახურებით. მადლობა იმ საქმისთვის, რასაც ქართული კულტურისთვის აკეთებთ“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.