საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს დიდი მეცნიერისა და მოღვაწის, თბილისის უნივერსიტეტის დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური გამოცემის მომზადებაზე მუშაობას.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ღონისძიება გაიმართა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ივანე ჯავახიშვილის მემორიალურ კაბინეტში.
პირველი ტომის გამოცემა დაგეგმილია 2026 წელს, დიდი მეცნიერის დაბადების 150 წლისთვის.
ამ მნიშვნელოვან წამოწყებას საფუძველი დაედო ჯერ კიდევ 2021 წლის ნოემბერში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის ხელმოწერილი შეთანხმებით. ამჟამად ამ შეთანხმებას უერთდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, პროფესორმა ზაზა აბაშიძემ.
ღონისძიების შემდგომ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც შეკრებილმა მეცნიერებმა განიხილეს გამოსაცემად მოსამზადებელი მასალის დამუშავების სირთულეები, სარედაქციო საკითხები და პირველ ტომზე მუშაობის პროცესის მიმდინარეობა. პირველ ტომზე მუშაობის ანგარიში წარადგინა ტექსტოლოგიური კომისიის თავმჯდომარემ, დავით სართანიამ.
დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ აკადემიკოსები როინ მეტრეველი, ჯაბა სამუშია, პროფესორები ზაზა აბაშიძე, გონელი არახამია, ზაზა სხირტლაძე, ვალერი ვაშაკიძე.
სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს აკადემიკოსი როინ მეტრეველი, თანათავმჯდომარედ აკადემიკოსი ჯაბა სამუშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები