ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ სესხის წინსწრებით საკომისიოს ოთხჯერ შემცირების საკითხი შეაფასა.
„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ კონკურენციის გაზრდას საფინანსო სექტორში, ეს სრულიად შესაძლებელია მსგავსი რეგულაციებით სადაც საქმე საკომისიოებს ეხება. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ კონკურენციის ზრდას და ამავდროულად მომხმარებლების დანახარჯების შემცირებას, ჰქონდეთ ფართო არჩევანის შესაძლებლობა სხვადასხვა ბანკს შორის აირჩიონ საუკეთესო,“ – აღნიშნა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 1 მაისიდან ფიზიკური პირებისთვის და 2 მილიონ ლარამდე ჯამური ვალდებულების მქონე იურიდიული პირებისთვის, სესხის ერთი ფინანსური ინსტიტუტიდან მეორეში გადატანისას, რეფინანსირების სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო 2-დან 0,5%-მდე შემცირდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში საბანკო სექტორი არის ძალიან ძლიერი და სტაბილური, მაგრამ ხასიათდება მაღალი კონცენტრაციით, რაც ქვეყნის ცენტრალური ბანკისთვის დიდი გამოწვევაა და სებ-ი ამ მიმართულებით განაგრძობს აქტიურ მუშაობას.