შსს-ში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის მეხუთე შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის რიგით მეხუთე შეხვედრა გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები შედიან. სხდომას ექსპერტ-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე დაესწრო. ზურაბ სიხარულიძემ კომისიის წევრებს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კუთხით მის ხელთ არსებული ინფორმაცია წარუდგინა, რომლის თანახმადაც, „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების აშკარა კლება შეინიშნება. უწყებებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარადგინეს ინფორმაცია საქართველოში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ. აღინიშნა, რომ შესაბამისი კანონმდებლობის აღსრულება კვლავ ეფექტურად მიმდინარეობს.
შსს-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, უწყების მიერ ამოღებული, უკანონო ბრუნვაში მოქცეული ე.წ „ბიონარკოტიკი“-ს აბსოლუტური უმრავლესობა კანონის მიერ განსაზღვრულ ქიმიურ ნაერთთა კლასების რეგულაციის სფეროში ექცევა, რაც ამ ინსტიტუტის განსაკუთრებულ ეფექტურობაზე მიუთითებს. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ გამკაცრდა კონტროლი ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე და მნიშვნელოვნად შემცირდა საზღვარზე მათი შემოდინება. ამ ნივთიერებების ძირითადი ნაწილი შემოდიოდა საფოსტო გზავნილების სახით, რაც დღეს, პრაქტიკულად, ძალიან იშვიათად გვხვდება. სახელმწიფო კომისიის წევრებმა ასევე იმსჯელეს „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილების პროექტზე, რომელიც აღნიშნულ ნივთიერებებთან დაკავშირებულ ახალ გამოწვევებზე ეფექტურ რეაგირებას ისახავს მიზნად.
სხდომის ფარგლებში ასევე მოეწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე შექმნილი, ნარკოპოლიტიკის ახალი გვერდის პრეზენტაცია, სადაც განთავსებულია ინფორმაცია სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკის, მათ შორის, სახელმწიფო კომისიის საქმიანობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ გვერდზე არსებობს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების სიაზე ონლაინ დაშვების სისტემა, რაც ხელს შეუწყობს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობას და ამ მხრივ სხვადასხვა უწყების კოორდინირებულ მუშაობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები