თამარ ჩიბურდანიძე: ტრამპი აპირებს ამერიკაში მოსახლეობის გაზრდა შობადობის ზრდით შეძლოს და არა – მოსახლეობის იმიგრანტებით შევსებით, რაც სახელმწიფოს ანადგურებს

„დონალდ ტრამპის ამბიციური განაცხადი ამერიკის შეერთებულ შტატებში დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელებისას სწორი სტრატეგიაა. ეს არის მოსახლეობის დემოგრაფიული ზრდა შობადობის გაზრდის კუთხით და არა – მოსახლეობის იმიგრანტებით შევსებით“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს.

მისი თქმით, მიგრაცია უდიდესი პრობლემაა მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი სხვა ეთნოსის მიგრანტების შედინება მცირერიცხოვან ქვეყნებში, რომლებსაც საქართველოსავით უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემები აქვთ.

„იაფი მუშახელის მიღების მიზნით მოსახლეობის შევსებამ მიგრანტებით თვით ამერიკასაც კი ნეგატიური შედეგი მოუტანა. ამ პოლიტიკამ ევროპა გაანადგურა და გაანადგურებს ყველა სახელმწიფოს, ვისაც ეროვნული იდენტობა აქვს. ეს შედეგი უკვე იწვნია საფრანგეთმა გასულ წელს, სადაც ქვეყნის ბედი იმიგრირებულმა მუსლიმებმა გადაწყვიტეს. ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა გერმანიის არჩევნებშიც სხვა ეთნოსის მიგრანტების ხმებსაც.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანაბელა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანიის დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად მოსახლეობის შევსება იმიგრანტებით სწორი პოლიტიკაა. ეს განცხადება მან გააკეთა გერმანიის კონსერვატიული ძალების განცხადების საპასუხოდ, რომლებიც ითხოვდნენ მიგრაციული ნაკადის შეჩერებას და აკრიტიკებდნენ გერმანიის ბოლო ათწლეულების არასწორ დემოგრაფიულ პოლიტიკას. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ცდება, ისევე, როგორც ცდება ევროპული სახელმწიფოების დიდი ნაწილი.

დღეს მიგრაცია უდიდესი პრობლემაა მსოფლიოსთვის. პრობლემაა მოსახლეობის გადინება მცირერიცხოვანი ქვეყნებიდან და კიდევ უფრო დიდი პრობლემაა სხვა ეთნოსის მიგრანტების შედინება მცირერიცხოვან ქვეყნებში, რომლებსაც ჩვენსავით უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემები აქვთ და ამასთანავე, აქვთ საუკუნოვანი ეროვნული პოლიტიკა.

ტრამპმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და შობადობის გაზრდის მიზნით აპირებს მთელ რიგ ღონისძიებებს ქვეყანაში. ეს არის მართებული დემოგრაფიული პოლიტიკა, რაც შედეგს გვიან, მაგრამ აუცილებლად იძლევა“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები