თეა წულუკიანი „ნაციონალურ მოძრაობას“ სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი “ნაციონალურ მოძრაობას” სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი შეფასებით, ოპონენტების განცხადებები კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით მიზანმიმართული კამპანიაა. როგორც წულუკიანმა გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა, საქართველოში არსებული ტელევიზიების ძირითადი რეპორტაჟები ამ თემასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” პიარ-კამპანიას ეძღვნებოდა.
„საქართველოში არსებული ყველა ტელევიზიის რეპორტაჟები ბოლო თვეებში ეძღვნებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ პიარ კამპანიას, რომელიც მიზანმიმართულად ამტკიცებდა ერთი და იგივე სიცრუეს, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა, კრიმინალები იწყებენ თარეშს და რომ მთავრობა არის სუსტი. ეს კამპანია რომ იყო, და დღესაც არის სახეზე, ამას დამტკიცება არ სჭირდება“, – აღნიშნა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას რამდენიმე კამპანია აქვს შემუშავებული და ერთ-ერთი არის ის, რომ – „მთავრობა კრიმინალს ვერ ებრძვის და კრიმინალმა იმატა“.
„მე არ დამავიწყდება ის მიზანმიმართული კამპანია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო თვეების განმავლობაში და ნაწილობრივ დღესაც ახორციელებს, როდესაც ხატავს აპოკალიპტურ სცენარებს. ისინი საუბრობენ ერთი და იმავე მესიჯით და როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ერთანაირად ლაპარაკობდნენ და ვერ გაარჩევდი მათ ერთმანეთისგან, ახლა ოპოზიციაში მოქმედებენ ისევე. ამბობენ, რომ კრიმინალმა იმატა, რომ მთავრობა უუნაროა და ამით აშინებენ საზოგადოებას, რომ დაბრუნდება კრიმინალის თარეში ქვეყანაში. ეს არის მათი ერთ-ერთი სცენარი, რომელსაც არანაირი დამტკიცება არ სჭირდება. ეს არის სახეზე, ეს გადის ეთერით, ტელევიზიით, რადიოთი თუ გაზეთებით. ეს არის მიზანმიმართული კამპანია მთავრობის წინააღმდეგ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები