ლევან დავითაშვილი: ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა პირველი ოფიციალური შეხვედრა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგზე ვისაუბრეთ
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ძირითადი საკითხების მიმართ სრული თანხვედრა გააჩნია.
„განვიხილეთ პოლიტიკური პერსპექტივები და ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია სრული თანხვედრა ძირითადი საკითხების მიმართ. ეს თანხვედრა ხედვებსა და იდეოლოგიაში დაგვეხმარება პერსპექტიული თანამშრომლობის, დღის წესრიგის ასაწყობად“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
მისივე შეფასებით, ასევე ძალიან საინტერესო შეხვედრები შედგა აშშ – ის კომერციის დეპარტამენტსა და სახაზინო დეპარტამენტში.
„სამივე უწყებასთან გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, რომლებიც ეხებოდა თანამშრომლობის პერსპექტივებს, ძირითადად, მომავალ გეგმას, რომელიც უნდა განვახორციელოთ ერთობლივად, ინტენსიური ჩართულობით. თანამშრომლობის ბევრი საკითხი დავფარეთ, მათ შორის, ვისაუბრეთ ვაჭრობის წახალისებასა და ახალ ინიციატივებზე, საქართველოს მაკროეკონომიკურ ჩარჩოზე, დაფინანსების საკითხებზე, ასევე ამერიკის ჩართულობაზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში და იმ რეფორმების დღის წესრიგზე, რომლებიც გაგვაჩნია. საუბარი შეეხო სანქციების აღსრულების კუთხით არსებულ თანამშრომლობასაც, აგრეთვე განვიხილეთ მომავალი გეგმები, რომლებიც, ვფიქრობთ, სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.