შალვა პაპუაშვილი: სანქციები ვინ დაგვიწესა პირველად? – რუსეთმა! ემბარგოები? ვიზები ვინ შეაჩერა პირველად საქართველოსთან? – რუსეთმა – დეპორტირებულები საიდან მოდიოდნენ პირველად? – რუსეთიდან, ერთი-ერთში ასე აკეთებენ [ევროპელი პარტნიორები]
რასაც ვაკვირდებით, სამწუხარო ტენდენციაა. ასეთი გამონათქვამია – ურჩხულს დიდხანს ვინც ებრძვის, მებრძოლი იმას უნდა უფრთხილდეს, რომ თავად არ იქცეს ურჩხულადო. ზოგიერთი ბიუროკრატი ბრიუსელში ძალიან ემსგავსება იმ ურჩხულს, რომელსაც ებრძვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
წამყვანმა მას ჰკითხა, ხომ არ სჯობს იმ დროს, როდესაც საფრანგეთის საელჩო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლებს აფინანსებს, ელჩს დაუდონ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებასთან დაკავშირებით.
„ყველაფერი ზეპირად იციან. ამისდა მიუხედავად, რამდენიმე ელჩი თავით ფეხებამდე ჩართული იყო წინასაარჩევნო კამპანიაში. ხომ გვახსოვს ეს ყველაფერი?! ამას წინათ ვთქვი კიდეც, ბრიტანეთის ელჩთან დაკავშირებით ვახსენე ეს ყველაფერი. წინასაარჩევნოდ ადამიანები გამოვიდნენ, რამდენიმე ელჩი და სპეციალურად ჩაერთო „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო კამპანიაში. ვენის კონვენცია მოგვყავს, ხან რა და ხან რა, მაგრამ საქმე რაშია იცით? საბოლოო ჯამში რასაც ვაკვირდებით, სამწუხარო ტენდენციაა. ასეთი გამონათქვამია – ურჩხულს დიდხანს ვინც ებრძვის, მებრძოლი იმას უნდა უფრთხილდეს, რომ თავად არ იქცეს ურჩხულადო. ზოგიერთი ბიუროკრატი ბრიუსელში ძალიან ემსგავსება იმ ურჩხულს, რომელსაც ებრძვის. ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთი გამოცხადებული ჰყავთ იდეოლოგიურ მოწინააღმდეგედ.
შევხედოთ ახლა, რას აკეთებდა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ. გადავხედოთ ჩვენს უახლეს ისტორიას. სანქციები ვინ დაგვიწესა პირველად საქართველოს? – რუსეთმა, ემბარგოები, ხომ გვახსოვს კარგად. ვიზები ვინ შეაჩერა პირველად საქართველოსთან? – რუსეთმა. დეპორტირებულები საიდან მოდიოდნენ პირველად? – რუსეთიდან. დეზინფორმაცია, პროპაგანდა საიდან მოდიოდა? – რუსეთიდან. ერთი ერთში რომ ასე აკეთებენ [ევროპელი პარტნიორები] ეს ხომ კატასტროფაა?!“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.