განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ახალგაზრდები თემატურ ბანაკებში მიიღებენ მონაწილეობას

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) თემატური ბანაკი გახსნა და მონაწილეებთან შეხვედრა გამართა,“- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ალექსანდრე წულაძემ ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, თემატური ბანაკების პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდობის პოლიტიკის გაძლიერების კუთხით სამინისტროს მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა.

„ღონისძიების ფარგლებში ბანაკის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად მინისტრისგან მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია და ამასთანავე, გაეზიარებინათ თავიანთი მოსაზრებები აქტუალურ თემებზე.

ბანაკის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორმა გიორგი ხუბუამ და ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა.

2025 წელს თემატური ბანაკები ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის და ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე, 8 ნაკადად ჩატარდება და 1000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.

ბანაკის მიზანია: არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების პიროვნული და სოციალური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სოციალური პასუხისმგებლობების პოპულარიზაცია/წახალისება, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება აქტიური მოქალაქეობისა და პატრიოტული ღირებულებების შესახებ.

საბანაკე პროგრამა 4 დღისგან შედგება და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ მათთვის საინტერესო მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ აქტივობებში. ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ტრენინგები სხვადასხვა თემაზე – გლობალიზაცია და საერთაშორისო დღის წესრიგი, მედიაცია და კონფლიქტების მართვა, ახალგაზრდული შესაძლებლობები და პროექტების დაგეგმვა, თანამედროვე ტექნოლოგიები და სხვა. თემები შეირჩევა ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით.

აღსანიშნავია, რომ თემატური ბანაკები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით პირველად 2024 წელს ჩატარდა, 2025 წელს კი მეორედ იმართება,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები