ეროვნული არქივი კახი კავსაძის საიუბილეო გამოფენას მასპინძლობს

კახი კავსაძის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი გამოფენით აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ექსპოზიცია ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გაიხსნა.

„გამოფენაზე წარმოდგენილია კახი კავსაძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი 100-მდე ფოტო როგორც ეროვნული არქივის, ისე მსახიობის საოჯახო ფოტოკოლექციიდან.

საიუბილეო ღონისძიება ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა. მსახიობის შვილმა – ირაკლი კავსაძემ, ძმამ – იმერი კავსაძემ, ასევე კახი კავსაძის კოლეგებმა და მეგობრებმა მისი მრავალმხრივი შემოქმედების შესახებ ისაუბრეს.

კახი კავსაძის სამსახიობო კარიერა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 1959 წელს დაიწყო. მსახიობს შესრულებული აქვს 100-მდე კინო და 30-ზე მეტი თეატრალური როლი. მის კინოროლებს შორის გამორჩეულია: ინოჩენცი („ვერის უბნის მელოდიები“, რეჟისორი გიორგი შენგელაია, 1973 წელი), სელიმი („ერთი ნახვით შეყვარება“, რეჟისორი რეზო ესაძე, 1975 წელი), იორამი („ნატვრის ხე“, რეჟისორი თენგიზ აბულაძე, 1976 წელი), კოლა („სიყვარული ყველას უნდა“, რეჟისორი: გიორგი შენგელაია, 1981 წელი), მიხეილ კორიშელი („მონანიება“, რეჟისორი თენგიზ აბულაძე, 1984 წელი), დონ კიხოტი („ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, რეჟისორი რეზო ჩხეიძე, 1989 წელი) და სხვა.

მხატვრულ ფილმებში განსახიერებული გმირების მსგავსად, მრავალფეროვანია კახი კავსაძის თეატრალური როლებიც: ფორტინბრასი (უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“, რეჟისორი დიმიტრი ალექსიძე, 1960 წელი); ადამი (ისიდორე შტოკის „ღვთაებრივი კომედია“, რეჟისორი ბადრი კობახიძე, 1964 წელი); გურამი (ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამე“, რეჟისორი რობერტ სტურუა, 1966 წელი); სოლეიმანი (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“, რეჟისორი რობერტ სტურუა, 1974 წელი), სიმონ ჩაჩავა (ბერტოლდ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“, რეჟისორი რობერტ სტურუა, 1975 წელი), კოტე (რონალდ ჰარვუდის „მოხუცი ჯამბაზები“, რეჟისორი გოჩა კაპანაძე, 2008 წელი) და სხვა.

ფოტოებთან ერთად გამოფენაზე წარმოდგენილია კოსტიუმები სპექტაკლებიდან „მოხუცი ჯამბაზები“ და „პატარა უფლისწული“, ასევე კინოფილმის „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ რეკვიზიტები – დონ კიხოტის ხმალი და ქუდი.

გამოფენა 20 მაისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები