პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი
გია ვოლსკი ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.
„საქართველო ევროპული ქვეყანაა, რომელიც ბოლო 13 წლის განმავლობაში, პოზიტიური ტენდენციების განვითარებით, მსოფლიოს ათეულშია და მას, რომ ისეთი პრეტენზიები წაუყენო, რომ ევროინტეგრაციას ასცდა და მით უმეტეს, რომ არჩევნები გააყალბა და ოპოზიციას ავიწროებს, ეს არის, არათუ ორმაგი სტანდარტი, არამედ გაუგონარი უსამართლობა, რომელსაც წინ რაღაც ქედმოხრილ პოზიციაში ვერ დავუდგებით. დაპირება იყო, რომ ქედსაც მოიხრიან, თავსაც დაუხრიან და ყურსაც მოიჭრიან, თუ შერჩეული იქნება არა „ქართული ოცნება“, არამედ მათი ალტერნატივა რადიკალური ოპოზიციის სახით. ეს ფორმულა ჩანს, როცა როცა პარტნიორს და რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელს ესაუბრები, ჩვენს უკან რადიკალური ოპოზიცია დგას, რომელიც თავის თავს სთავაზობენ ნებისმიერი დავალების მონურ შემსრულებლად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია 89 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ამასთან, ასამბლეის 5-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტში აღნიშნული იყო, რომ ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ მიუხედავად ასამბლეის გადაწყვეტილებისა, მოეხდინა საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირება, მისმა ყველა წევრმა დატოვა დელეგაცია, რითაც უარყო დიალოგი, რის შედეგადაც ამჟამად ასამბლეაში არ არის ქართული დელეგაცია. ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოში ვითარება გაუარესდა.