სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღანირში, ადმინისტრაციულ შენობას, კულტურის ცენტრსა და ბიბლიოთეკისთვის განკუთვნილ სივრცეს სრული რებილიტაცია უტარდება

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღანირში, ადმინისტრაციულ შენობას, კულტურის ცენტრსა და ბიბლიოთეკისთვის განკუთვნილ სივრცეს სრული რებილიტაცია უტარდება. ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები ადგილზე პირადად დაათვალიერა სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად. როგორც მან აღნიშნა, ეს პროექტი ერთდროულად პასუხობს როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე საზოგადოებრივ საჭიროებებს.

ბახტაძის თქმით, მიზანი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაცაა.

„ეს ინიციატივა მიზნად ისახავს არა მხოლოდ ფიზიკური სივრცეების განახლებას, არამედ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. განახლებული ბიბლიოთეკა, თანამედროვე კულტურის ცენტრი და მინი სტადიონი ახალგაზრდებისთვის სივრცეს ხდის უფრო მიმზიდველსა და დატვირთულს. ღანირი ჩვენი საამაყო სოფელია  – აქ ცხოვრობს შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები, და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ თანამედროვე და ღირსეული ინფრასტრუქტურა,” – განაცხადა დავით ბახტაძემ.

პროექტის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს დემონტაჟის სამუშაოები. გათვალისწინებულია ასევე გარე სივრცის მოწესრიგება — თანამედროვე სტილის მოსასვენებელი ზონის მოწყობა, რაც მთელ კომპლექსს მეტ ფუნქციონირებასა და ესთეტიკურობას შემატებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მიმდებარე მინი სტადიონის სრულ რეაბილიტაციას: შეიცვლება ღობეები და მოეწყობა თანამედროვე სპორტული სივრცე ახალგაზრდებისთვის.

გარდა ამისა, უახლოეს ხანში დაგეგმილია ცალკე ამბულატორიის მშენებლობის დაწყება, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ღანირში თანამედროვე, მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცე შეიქმნება, რომელიც ერთდროულად მოიცავს კულტურულ, საგანმანათლებლო, სპორტულ და სამედიცინო მიმართულებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები