„ვაპირებთ ამ კანონის მიღებას, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ დონორმა ორგანიზაციებმა ხელისუფლებას შეუთანხმონ თითოეული გრანტი,“ – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა მმართველი გუნდის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესის კანონმდებლობით დარეგულირებას გულისხმობს.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის მოწოდების მიუხედავად, არც დონორმა ორგანიზაციებმა და არც გრანტის მიმღებებმა თანხების მიზანმიმართულობა არ გაასაჯაროვეს.
„ჩვენი არა ერთი თხოვნის თუ მოთხოვნის მიუხედავად, რომ გაესაჯაროებინათ გარკვეული თანხები და საზოგადოების წინაშე უფრო მეტი ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა უზრუნველყოთ, საზოგადოებამ იცის ძალიან კარგად, რომ არანაირი რეაგირება არც დონორი ორგანიზაციებისგან, არც განმახორციელებელი ორგანიზაციებისგან არ ყოფილა. ჩვენ რა თქმა უნდა, როგორც პასუხისმგებლობიან ხელისუფლება ვაპირებთ ამ კანონის მიღებას, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ დონორმა ორგანიზაციებმა ხელისუფლებას შეუთანხმონ თითოეული გრანტი. და მეორე მხრივ, ეს უზრუნველყოფს ამ საგრანტო პროცესის საზოგადოების ინტერესებში ჩასმას და ინტერესებზე მომსახურებას“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესი კანონმდებლობით დარეგულირდება. შესაბამისი ცვლილებები მმართველი გუნდის ინიცირებულია. ინიციატივა მიზნად ისახავს ქვეყნის ინტერესების დაცვას და სტაბილურობას. უცხოური წყაროსგან მისაღებ გრანტთან დაკავშირებით, სავალდებულო გახდება საქართველოს მთავრობის, მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს თანხმობა. გრანტის მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო უზრუნველყოფს.