გლდანის მე-8 მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცე ეწყობა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური კიდევ ერთ რეკრეაციულ სივრცეს, ამჯერად გლდანის რაიონში აწყობს.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამისი სამუშაოები N28-33 კორპუსების მიმდებარედ, 3 000 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს.
„რეკრეაციული სივრცე ეწყობა გლდანის რაიონშიც. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გლდანის მე-8 მიკრორაიონში, N28-33 კორპუსების მიმდებარედ, შესაბამის სამუშაოებს 11 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. 8 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე რეკრეაციული სივრცე უკვე მოეწყო, ხოლო დარჩენილ 3 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე განთავსდება საპარკო ავეჯი, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები – შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი.