“მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე, ევროპაში ინტეგრაციის გზაზე, მალტის გამოცდილება გაგვიზიარა. ჩვენი ადგილი ევროკავშირშია, ეს იყო მისი მთავარი გზავნილი”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა.
“მან გაგვიზიარა გამოცდილება, რომელიც მალტას ჰქონდა ევროპაში ინტეგრაციის გზაზე. დაგვამშვიდა და გვითხრა, რომ ინტეგრაციის გზაზე მსგავსი პრობლემები ყველა ქვეყანას ჰქონდა და ჩვენ დასახული გზით უნდა გავაგრძელოთ სიარული, მიზანს მივაღწევთ. ჩვენი ადგილი ევროკავშირშია, ეს იყო მისი მთავარი გზავნილი. ასევე საუბარი გვქონდა ორმხრივ ურთიერთობებზე. ბოლო წლებში ჩვენ მალტასთან საკმაოდ აქტიური პოლიტიკური ურთიერთობები დავამყარეთ, მათ შორის საპარლამენტო დონეზე ბრწყინვალე ურთიერთობები გვაქვს. ასევე უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე ვისაუბრეთ. იცით, რომ ერთ-ერთ ადგილად მალტა განიხილება, სადაც შეიძლება მაღალი დონის შეხვედრა ჩატარდეს. მალტამ ახლახან დაასრულა ეუთო-ში თავმჯდომარეობა და მადლობა გადავუხადეთ იმ პროგრესისთვის, რაც ეუთო-ს თავმჯდომარეობის დროს ამ ორგანიზაციას ჰქონდა, ასევე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის ეუთო-ში მუდმივად მაღალ დონეზე დაყენებისთვის. მალტას ეუთო-ს კარგი თავმჯდომარეობა ჰქონდა. მალტას პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში ვიზიტით მოვიწვიეთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.