“შევახსენებ ყველას, მას შემდეგ, რაც იანვარში მიიღეს ქართველი ხალხის სუვერენიტეტის შემლახველი რეზოლუცია, როდესაც PACE-მა [ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა] მილიონ ას ოცი ათასი მოქალაქე ადამიანად არ მიიჩნია, რა თქმა უნდა ამიტომ საქართველოს დელეგაციის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება დატოვონ დელეგაცია”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვინაიდან PACE-ის საქართველოს დელეგაცია დაკომპლექტებული არ არის, დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა – არ ცნობის საკითხი ვერ დადგება.
„რაც შეეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ძირითადი შემადგენლობა იგივეა, რაც არის ევროპარლამენტში. ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ იქ მყარი უმრავლესობა, მათი პოლიტიკური გავლენა არის გარანტირებული და ხანდახან პერსონალური შემადგენლობაც კი იგივე არის, რაც ევროპარლამენტში თუ დააკვირდებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს და დამოკიდებულებაც შესაბამისია. ასე რომ არაფერი გასაკვირი ასეთ რეზოლუციებში არ არის, ვნახავთ იგივე სახელებს, იგივე ლიტველებს, იგივე ესტონელებს, იგივე უკრაინელებს, რომლებიც ევროსაბჭოში მანამდეც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ცდილობდნენ გარკვეული მექანიზმების ამუშავებას. შეგახსენებთ, 2022 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია სადაც მიხეილ სააკაშვილი აღიარეს პოლიტპატიმრად და მისი გამოშვება მოგვთხოვეს. ასეთი რეზოლუციების შემდეგ რაზე უნდა ვისაუბროთ. კიდევ ერთხელ: როცა ესტონელების, ლიტველების, უკრაინელების და ზოგიერთი სხვა პოლიტიკური ჯგუფების ჭკუაზე დადის ამხელა ასამბლეა, და ქართველი ხალხის საწინააღმდეგო, ქართველ ხალხზე თავდამსხმელ რეზოლუციებს იღებს, რა თქმა უნდა სერიოზულობა დაკარგულია. ამიტომ ელაპარაკონ ერთმანეთს, რახან არ უნდათ რომ იყოს ინკლუზიური დიალოგი და ვხედავთ, რომ მათ მათ უნდა ყვირილი და არა დიალოგი. ეს ახალი ტენდენციაა, რასაც ჩვენ სამწუხაროდ გარკვეული ევროპული პოლიტიკურ ჯგუფებიდან ვხედავთ, განსაკუთრებით ზოგიერთი ომის აქტივისგან, რომლებსაც სხვისი ხელით და უკრაინელების სისხლით უნდათ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ასე რომ, ასეთ ხალხის მხრიდან ჩვენი კრიტიკა, პირიქით გვიდასტურებს, იმას რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ეს ხალხი რომ გვაქებდეს, მაშინ იქნებოდა ჩვენი საქმე ცუდად, ვინაიდან ვიცით მათი ზრახვები. რაც შეეხება საკითხს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით, შევახსენებ ყველას, მას შემდეგ, რაც იანვარში მიიღეს ქართველ ხალხი სუვერენიტეტის შემლახველი რეზოლუცია, სადაც არ აღიარებენ, ადამიანებად არ მიიჩნევენ ჩვენი ქვეყნის მილიონ ას ოცი ათას მოქალაქეს და როდესაც PACE მილიონ ას ოცი ათას მოქალაქეს ადამიანად არ თვლის და მათ საარჩევნო უფლებებს ლახავს, ამიტომ დელეგაციის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება დატოვონ დელეგაცია. მე ეს ვაცნობე PACE-ს პრეზიდენტს, ჩვენ დღეს დელეგაცია დაკომპლექტებული არ გვყავს PACE-სი, ამიტომ ვერანაირი დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა – არ ცნობის საკითხი ვერ იქნება განხილული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება.