“ვიდრე ამერიკულ ფონდებს ახალმა ადმინისტრაციამ ცხვირი არ წაატეხა, იქამდე არავის უნდოდა, ეღიარებინა, რომ ეს ფონდები ამერიკული ბიუჯეტიდან თანხას ხარჯავდნენ, როგორც ადმინისტრაციამ შეაფასა, თაღლითურად. თანხას ხარჯავდნენ სხვა ქვეყნებში არეულობის მოსაწყობად. იგივე ვითარებაა ევროკავშირის ფონდებთან დაკავშირებითაც”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, „ევროპის სახალხო პარტია“ აღშფოთებულია, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფული იხარჯებოდა ლობიზმისთვის.
„აქაც დიდი ხანია, ამაზე ვსაუბრობთ და როგორც ჩანს, თვითონ წაიტეხეს ახლა უკვე ცხვირი. სხვათა შორის, როგორც ვხედავთ, „ევროპის სახალხო პარტია“ აღშფოთებულია, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფული იხარჯებოდა ლობიზმისთვის. სხვა რამეს ხომ არ ვამბობდით მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ სწორედ კორუფციის ნაირსახეობაა, როცა საჯარო თანხები გამოიყენება ვიწროპარტიული თუ გარკვეული ვიწრო ჯგუფის ინტერესებში მყოფი პოლიტიკური დღის წესრიგის წინ წასაწევად. ეს ლობიზმი საქართველოში ხილულია. საპარლამენტო არჩევნების წინ ვნახეთ, რომ ევროკავშირის ფული იხარჯებოდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად, ევროკავშირის ელჩი პირადად იყო ჩართული „ქართული ოცნების წინააღმდეგ“ საარჩევნო კამპანიაში. ევროკავშირის ფულით ფინანსდებოდა საარჩევნო ღონისძიებები, მათ შორის 20 ოქტომბერს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საბოლოო საჯარო აქცია ჩატარდა არა პარტიების მიერ, არამედ ევროკავშირისგან დაფინანსებული „ენჯეოების“ მიერ. ზუსტად ეს გახლავთ ლობიზმი, კორუფცია და უცხო ქვეყნის არჩევნებში ჩარევა, რასაც საპარლამენტო არჩევნების წინ ვხედავდით. ეს აღიარა თავად კომისიამ, რომელმაც, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ თანხები იხარჯებოდა არამიზნობრივად, ლობიზმისთვის, მათ შორის სპეციფიკურად იხარჯებოდა ოპონენტების გასაჩუმებლად, მათი დისკრედიტირებისთვის, რომ პოლიტიკური ოპონირება არ აგეწიათ გარკვეული საკითხების მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.