“რაც შეეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას – სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მფარველი პოლიტიკური ჯგუფები მას უკვე რა ხანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ” – პაპუაშვილი

“რაც შეეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას. სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მფარველი პოლიტიკური ჯგუფები მას უკვე რა ხანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2022 წელს, ამ ჯგუფების ჩართულობით, პასე-მ, მისი რეზოლუციით, ადამიანების წამებისა და ბიზნესის რეკეტის კორუფციული სისტემის შემქმნელი სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა და მისი გათავისუფლება მოითხოვა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, არცერთი გადაწყვეტილება თუ რეზოლუცია, უკვე გასაკვირი არ არის.

ასევე, შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში, პასე-ს მიერ ქართველი ხალხის სუვერენიტეტის შემლახველი რეზოლუციის მიღების შემდეგ, პასე-ში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ყველა წევრმა დელეგაცია დატოვა. დღეს, საქართველოს პარლამენტს, პასე-ში დელეგაცია არ ჰყავს. ასე რომ, რა თქმა უნდა, დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხიც განხილული ვერ იქნება.

ქვემოთ, გიზიარებთ წერილს, რომელიც ამ საკითხზე და საქართველოს პარლამენტის პოზიციაზე, თებერვლის დასაწყისში, პასე-ს პრეზიდენტს მივწერე.

5 თებერვალი 2025 წ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ბატონ თეოდოროს რუსოპულოსს

პატივცემული ბატონო პრეზიდენტო,

გწერთ, რათა გაცნობოთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა პარლამენტის დელეგაციის წევრობიდან გადადგომის წერილით მომართეს. შესაბამისად, დელეგაცია არ არის დაკომპლექტებული და ვერ წარმოადგენს საქართველოს პარლამენტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

ასევე, მსურს, რამდენიმე განმარტება გავაკეთო პარლამენტის დელეგაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.

პასე-მ, 2025 წლის 29 იანვრით დათარიღებულ ბოლო რეზოლუციაში (2585 (2025), წამოაყენა საქართველოს დელეგაციის რწმუნების აღიარების პირობები. ამით პასე-მ შელახა ქართველი ხალხის სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება, ვინაიდან, პასე-ში დელეგაციის აღიარების წინაპირობად, საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარება დაადგინა.

პასე-ს მცდელობა, უარი თქვას ქართველი ხალხის არჩევანის აღიარებაზე, ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტსა და თავად ევროპის საბჭოს ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს, არამედ წარმოადგენს პრეცედენტს, თუ როგორ შეიძლება, რომ პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებამ უგულებელყოს არსებული რეალობა და, ამით, გაამწვავოს პოლიტიკური პოლარიზაცია.

ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მცდელობა, თავიანთი პარტიკულარისტული ინტერესების იარაღად გამოიყენონ პასე, ქმნის სახიფათო პრეცედენტს, რომელსაც შეუძლია ძირი გამოუთხაროს თავად ევროპის საბჭოს ღირებულებებსა და პრინციპებს. ამგვარი ქმედებები მიკერძოებულ პოლიტიკურ ჯგუფებს
აძლევს პოლიტიკური ანგარიშსწორების შესაძლებლობას, რაც წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის ისეთ საფუძვლებთან, როგორიცაა სახალხო სუვერენიტეტი და ევროპის საბჭოს პრინციპებთან, როგორიცაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა.

თავისთავად ცხადია, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები, უპირველეს ყოვლისა, არღვევს ინკლუზიურობის პრინციპს და თავად პასე-ს აზიანებს.

პასე-ს ბოლო მსგავსი მცდელობა, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს ლახავდა, იყო 2022 წლის 13 ოქტომბრის 2463 (2022) რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, „პოლიტიკურ პატიმრად“ აცხადებდა და მოითხოვდა მის გამოშვებას კანონიერი და ლეგიტიმური პატიმრობიდან.

ბატონო პრეზიდენტო,

პასე-ს დელეგაციის გაუქმების მიუხედავად, საქართველო კვლავ რჩება ევროპის საბჭოს ძირეული ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულად, რომლებიც გულისხმობს ხალხის არჩევანის პატივისცემას, უმრავლესობის მმართველობას უმცირესობის უფლებების დაცვით და კანონის უზენაესობას”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები