ირაკლი კობახიძე: ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ გასული ურთულესი 3-4 წელიწადი გავიარეთ წარმატებით და მთავარი შედეგი არის ის, რომ ქვეყანამ თავიდან აირიდა ომი, გვაქვს მშვიდობა და ძალიან სწრაფი ეკონომიკური წინსვლა

“გასული 3-4 წელიწადი იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ, რომ ეს ურთულესი წლები გავიარეთ წარმატებით და ქვეყანამ თავიდან აირიდა ომი, გვაქვს მშვიდობა და ძალიან სწრაფი ეკონომიკური წინსვლა”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, როდესაც ხორციელდება ძალიან დიდი წნეხი საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაზე, ეს არის ძალიან რთული.

„გასული 3-4 წელიწადი იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რაც გამოვიარეთ და ეს ყველაფერი, პირველ რიგში, უკავშირდება იმას, რომ რეგიონში დაიწყო ომი, ვგულისხმობ უკრაინის ომს და გაჩნდა ინტერესი საქართველოს მიმართ, რომ ჩვენც პირდაპირ ვყოფილიყავით ჩართული ამ სამხედრო კონფლიქტში. თქვენც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენად რთული იყო ჩვენთვის გადაწყვეტილებების მიღება. ახლა უკვე ღიად საუბრობს აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, რომ, რეალურად, ეს არის ომი ორ დიდ ძალას შორის, ეს არ არის მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომი და ასეთ დროს, როდესაც ხორციელდება ძალიან დიდი წნეხი ჩვენნაირ პატარა ქვეყანაზე, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან რთული და ეს არის დაკავშირებული ძალიან რთული გადაწყვეტილებების მიღებასთან უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან. თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ეს ურთულესი 3-4 წელიწადი გავიარეთ წარმატებით და მთავარი შედეგი არის ის, რომ ქვეყანამ თავიდან აირიდა ომი, ქვეყანაში არის მშვიდობა და ამის ხარჯზე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პრიორიტეტი, რაც არის ჩვენთვის ეკონომიკის ზრდა, აქაც ვაღწევთ წარმატებას. პირველ ადგილზე ვართ არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპაშიც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, 2021 წლიდან მოყოლებული. ეს არის შედეგი, სუფთა შედეგი, სუფთა ნაშთი, როგორც ამბობენ, რომ გვაქვს მშვიდობა და გვაქვს ძალიან სწრაფი ეკონომიკური წინსვლა, დოლარში ჩვენ საქართველოს ეკონომიკა ორჯერ და მეტად გავზარდეთ ამ 4 წლის განმავლობაში, რაც არის უპრეცედენტო ზრდა“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები