“სწორედ ეს დგას ამ კომისიის მიღმა, რომ საზოგადოებამ დაინახოს ის, თუ სად და რა პირობებში გვიწევდა ჩვენ ყველას ყოფნა 2003-2012 წლებში და როგორ შევიდა მაშინდელი დანაშაულებრივი რეჟიმი პრაქტიკულად ყველა ოჯახში თავისი ბინძური ხელებით და როგორ გააუბედურა მაშინდელი საშუალო ასაკის ადამიანების ცხოვრება და ოჯახები, ახალგაზრდების ცხოვრება, არასრულწლოვანების ცხოვრება”, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საგამოძიებო კომისიის სხდომებზე გამართული მოსმენებზე საუბრისას, “დღის ქრონიკაში” განაცხადა.
„იმდენი საქმე შემომივიდა მაგიდაზე საქართველოდან [ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში], რომ თვეებთან ერთად ბოლოს, ასეთი ხუმრობაც კი იყო დასავლეთ ევროპელი ჩემი კოლეგებისგან, რომ წულუკიანი აღარ ჩანს ქაღალდებშიო. ყველა საქმეში იყო წამება, უბედურება, ტუბერკულოზი, ჰეპატიტი, მკვლელობები, უსამართლო სასამართლო, ქონების რეკეტი და ასე შემდეგ. მე ამ საქმეების გამო გადავწყვიტე რომ გადამდგარიყავი და 10 წლის თავზე დავბრუნდი საქართველოში, მაშინ, როცა დღესაც შემეძლო იქ მუშაობა, 65 წლის ასაკამდე შემეძლო იქ ვყოფილიყავი. ეს წლები მახსენდება, როდესაც საბუთებთან მუშაობით მე მივხვდი, რომ ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა უბედურება, ეს მძიმე მოსასმენია.
რამდენიმე სხდომის შედეგად და იმ მასალების შედეგად, რაც მე სასამართლო საერთაშორისო დავების დროს ხელთ მქონდა, ვფიქრობ, რომ სააკაშვილთან დაახლოებულმა სულ 2-3-მა კაცმა იცოდა, რა თქმა უნდა კეზერაშვილმა, მერაბიშვილმა, შეიძლება ადეიშვილმაც, თუ რა იყო რეალური გეგმა. გეგმა უნდა ყოფილიყო, ჩემი აზრით, ის, რომ რაც შეიძლება მეტი სამოქალაქო მოსახლეობა დაღუპულიყო, რაც შეიძლება მეტი სამხედრო ჩავარდნილიყო ტყვედ, რომ შემდეგ რუსეთისთვის ეთქვათ, რომ ეს არის შენი სახე. რუსეთი, რომელიც ოკუპანტი სახელმწიფოა ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა ამის შესახებ ალბათ ფლობდა ინფორმაციას და ის მასშტაბი, რაც ამ ომმა და მახე, რაშიც ეს ჩვენი შლეგი და უპასუხისმგებლო, დამნაშავე ხელისუფლება აღმოჩნდა ჩვენს ქვეყანასთან ერთად, რა თქმა უნდა, რუსეთმა ეს კიდევ უფრო მწარედ გამოიყენა ჩვენი მოქალაქეების და ჯარის წინააღმდეგ “, – განმარტა წულუკიანმა.