“ყველა უნდა მიხვდეს, ვინ ატყუებს და ვინ სიმართლეს ელაპარაკება თავისი ქვეყნის, სამშობლოსა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე” – მდინარაძე
“ყველა უნდა მიხვდეს, ვინ ატყუებს და ვინ სიმართლეს ელაპარაკება თავისი ქვეყნის, სამშობლოსა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, ვიღაცებს დღემდე სჯერა, რომ “გამჭვირვალობის კანონი” რუსული იყო.
“რუმინეთი, პოლონეთი, საფრანგეთი – ამ ქვეყნებში რაღაც მოვლენები რომ ხდება, ამის კრიტიკას ვერც ბედავენ. მიხეილ სააკაშვილზე 27 ქვეყნის ელჩი მივიდა იუსტიციის მინისტრთან და კვდებაო ეს ადამიანი, დღეები აქვს დათვლილიო. დემარში მოუწყვეს. დღეს კიდევ, რომ რაღაცას აპროტესტებ ამ მიმართულებით, კიდევ რუსი-რუსს გაიძახიან. „გამჭვირვალობის კანონზე“ ხომ ყველამ ყველაფერი დაინახა, გავამკაცრეთ, „ფარა“ მივიღეთ, დავამტკიცეთ, ამაზე ხმას ვერ იღებენ. გაცილებით ლოიალურ კანონზე კინაღამ ჩამოაქციეს ქვეყანა. ვიღაცებს დღემდე სჯერათ, რომ ის რუსული კანონი იყო და ეს „ფარა“ რატომ აღარ არის რუსული, იმიტომ, რომ სიტყვა-სიტყვით ნათარგმნია. ყველა უნდა მიხვდეს, ვინ ატყუებს და ვინ სიმართლეს ელაპარაკება თავისი ქვეყნის, სამშობლოსა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.