“მოწევის რეგულაციის დაცვა ტრანსპორტს დაეტყო კიდეც, გარდა ტაქსისა, რომელიც, ასე ვთქვათ, ცხელ წერტილად რჩება, დარღვევების რაოდენობა საკმაოდ მაღალია” – „თამბაქოს კონტროლის ცენტრის“ დირექტორი
„თამბაქოს კონტროლის ცენტრის“ დირექტორის, გიორგი მაღრაძის განცხადებით, დახურულ სივრცეში მოწევის რეგულაცია საკმაოდ მაღალ დონეზეა დაცული, თუმცა, მონიტორინგის შედეგად დარღვევების ზრდის გარკვეული ტენდენციები ფიქსირდება. ამასთან დაკავშირებით მაღრაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“მოწევის რეგულაციების დაცვის თვალსაზრისით მდგომარეობა თითქმის ერთ დონეზეა. მას შემდეგ, რაც თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა ამოქმედდა, საკმაოდ მაღალ დონეზეა დაცული. თუმცა, ჩვენ მონიტორინგის შედეგად დარღვევების ზრდის გარკვეულ ტენდენციებს ვაფიქსირებთ, მაგალითად, სამწუხაროდ, საჯარო სექტორსა და სამედიცინო სექტორში, სადაც ასეთი დარღვევები საკვირველია, რადგან საჯარო სექტორი თავად არის მოწოდებული იმისათვის, რომ კანონის აღსრულებას მაქსიმალურად ხელი შეუწყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, საჯარო დაწესებულებებში უფრო მეტი რაოდენობით დარღვევას ვაწყდებით, ვიდრე თუნდაც სამასპინძლო ბიზნესში. დარღვევები ოდნავ გაზრდილია სამასპინძლო დაწესებულებებშიც. დარღვევების უმეტესობა, ძირითადად, თამბაქოს ახალ პროდუქტებს, გასახურებელ თამბაქოს და ელექტრონულ სიგარეტს უკავშირდება. აქ გარკვეული როლი, ალბათ, ინდუსტრიის მხრიდან ინტენსიურმა საინფორმაციო მუშაობამ ითამაშა იმ თვალსაზრისით, რომ არასწორი წარმოდგენები დაენერგათ, თითქოს, ეს პროდუქტები, ერთის მხრივ, ნაკლები ზიანის შემცველია, მეორე მხრივ, კი მათი მოხმარება, თითქოს, დახურულ სივრცეებში ნებადართულია და მხოლოდ ტრადიციული სიგარეტის მოხმარებაა აკრძალული. მე მინდა, მოსახლეობასაც და განსაკუთრებით ამ დაწესებულებების ხელმძღვანელებს განვუმარტო, რომ ყველა პროდუქტზე ერთი ნორმა ვრცელდება, ანუ გასახურებელი თამბაქო, ჩვეულებრივი სიგარეტი, ელექტროსიგარეტი, ჩილიმი, ყველა კანონის მოქმედების ქვეშაა, დახურულ სივრცეებში მათი მოხმარება სრულად აკრძალულია”- განაცხადა მაღრაძემ.
მანვე განმარტა, რა ოდენობის ჯარიმები მოქმედებს მოწევის წესების დარღვევის შემთხვევაში.
“დახურულ სივრცეში თამბაქოს კონტროლის წესების აღსრულებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა თავად დაწესებულებას ეკისრება, ამიტომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, პირველ რიგში, დაწესებულება ჯარიმდება. ჯარიმა პირველ ჯერზე 500 ლარია, ერთი წლის განმავლობაში მომდევნო ჯერზე თუ განმეორდა, 1 000 ლარი, მესამე და ყოველ მომდევნო ჯერზე 2 000 ლარი. თუ დამრღვევი ფიზიკური პირიც ფიქსირდება, ამ შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარია, განმეორების დროს 200 , მესამე და ყოველ მომდევნო ჯერზე კი, 300 ლარი. აქ ძირითადი აღმასრულებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციაა, რომელიც გამოძახების საფუძველზე მიდის. მოსახლეობის მხრიდან საკუთარი უფლებების დაცვის შემთხვევები ძალიან იშვიათია ხოლმე. ჩვენ ყველას უფლება გვაქვს, რომ დახურულ სივრცეში მავნე ჰაერი, თამბაქოს კვამლი არ ვისუნთქოთ და ასეთი შემთხვევების დაფიქსირების დროს აუცილებლად 112-ს უნდა მივმართოთ. სამწუხაროდ, ჩვენ როდესაც სტატისტიკას ვაკვირდებით , პატრულის მხრიდან რეაგირება, ძირითადად, უფრო ჩვენი მონიტორების შედეგად გამოვლენილ შემთხვევებზეა , მოქალაქეები ამ უფლებას იშვიათად იყენებენ ხოლმე, ძირითადად უფრო ტრანსპორტში იყენებენ. მოქალაქეები უკვე მიეჩვივნენ, რომ თავიანთი უფლება დაიცვან, რაც ტრანსპორტს დაეტყო კიდეც , გარდა ტაქსისა, მე ვიტყოდი, რომ ტაქსი, ასე ვთქვათ, კვლავ ცხელ წერტილად რჩება და დარღვევების რაოდენობა საკმაოდ მაღალია. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ამის გამოვლენა და რეაგირება ძალიან მარტივად შეუძლიათ, ამიტომ ამაზე რეაგირება უნდა გააკეთონ. მე მოვუწოდებდი მოსახლეობასაც, რომ ვისარგებლოთ ჩვენი უფლებით, ერთმანეთის უფლებები დავიცვათ, თუ ეს უფლება ირღვევა, 112-ს მივმართოთ” – განაცხადა გიორგი მაღრაძემ.