ნორაშენის ტაძრის რესტავრაცია დაიწყო

წლების განმავლობაში ურთულეს მდგომარეობაში მყოფი ნორაშენის XVIII საუკუნის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროცესის მიმდინარეობას დღეს ადგილზე გაეცნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე.
ნორაშენის გადარჩენის საპროექტო დოკუმენტაცია არქიტექტურულმა კომპანია „საინჟინრო აზრმა“, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, 2012 წელს მოამზადა, რომლის საფუძველზეც დღეს სამშენებლო კომპანია“აბა ჯგუფი“ ძეგლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოებს ახორციელებს.
ნორაშენის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქართუს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი აფინანსებს.
„თბილისის საკულტო ნაგებობაზე დაიწყო აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოები, პირველ ეტაპზე უკვე განხორციელებულია ფოტოფიქსაცია, რაც ითვალისწინებს იმის დაფიქსირებას, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებში პრობლემის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყოს მასალის აღდგენის შესაძლებლობა“, – აღნიშნა ლევან ხარატიშვილმა.
„არის ძალიან დიდი და კონსტრუქციული ბზარები. საშიშროება იყო, რომ ნებისმიერ დღეს ჩამოქცეულიყო. ეს არის ერთ-ერთი იმ ტაძართაგანი, რომელშიც მხატვრობა არის შემორჩენილი, თითქმის იმ სახით, როგორიც თავიდანვე იყო. ამიტომ აუცილებელი იყო სასწრაფო ჩარევა“, – განაცხადა ნიკა ანთიძემ.
ამ დროისათვის ტაძრის სრულ პერიმეტრზე და ინტერიერში საძირკვლის გამაგრება მიმდინარეობს, რაც ძეგლის გადარჩენის გარანტი გახდება, 2015 წელს კი ნორაშენის ფასადების კოსტრუქციული მოჭიმვა და სრული კონსერვაცია განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები