ქარსაფარი ზოლების (მინდორდაცვითი) ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2025 წლისთვის დაგეგმილი საინვენტარიზაციო სამუშაოები დაიწყო
ქარსაფარი ზოლების (მინდორდაცვითი) ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2025 წლისთვის დაგეგმილი საინვენტარიზაციო სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ამ ეტაპზე, გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციისა და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ინსპექტირების პროცესი.
სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი მიშელაძე ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო და ინვენტარიზებული ქარსაფარი ზოლები რამდენიმე ლოკაციაზე დაათვალიერა.
პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს გათვალისწინებულია ჯამში 3056.52 ჰექტარი ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია თიანეთის (112.82 ჰა), მცხეთის (755.2 ჰა), ხაშურისა (459.28 ჰა) და გორის (1729.22 ჰა) მუნიციპალიტეტებში.გარდა თიანეთისა, ყველა მუნიციპალიტეტი ქარის სიძლიერის მიხედვით I კატეგორიას განეკუთვნება, რაც ნიშნავს, რომ გაბატონებული ქარები აქ ნიადაგის ძლიერ გამოფიტვას იწვევენ.
2021-2024 წლებში 12 მუნიციპალიტეტში ინვენტარიზებულია 6675.53 ჰა ქარსაფარი ზოლი, აღწერილია ქარსაფრების ფაქტობრივი მდგომარეობა, მერქნიანი მცენარეების სახეობრივი შემადგენლობა, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლები. ამ ეტაპისთვის ქარსაფარის სტატუსით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულია 4064.93 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რეგისტრაციის პროცესი გრძელდება.