ავთანდილ კასრაძე: Google Street View – აპლიკაცია საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია
Google map-ზე საქართველოს 360 გრადუსიან პანორამული გამოსახულებები დაემატება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, Google Street View საქართველოში ოფიციალურად იწყებს ოპერირებას.
სააგენტოს ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის განცხადებით, მისი უწყება კომპანია Google – თან წლებია, აქტიურად თანამშრომლობს და ამ ურთიერთობის მნიშვნელოვანი შედეგია, რომ ასეთმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა მზადყოფნა გამოთქვა საკუთარი დაფინანსებით გააციფრულოს 24 ქალაქი საქართველოს მასშტაბით, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ Street View – აპლიკაცია ხელმისაწვდომი იქნება, როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ისე ნებისმიერი ტურისტისთვის, რომელიც საქართველოში ჩამოდის.
„ეს აპლიკაცია ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. გარდა ამისა, კომპანია Google – თან თანამშრომლობა მხოლოდ ამ პროექტით არ ამოიწურება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ Google – ის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები ხელმისაწვდომი იყოს უახლოეს მომავალში საქართველოს მოსახლეობისთვისაც,” – აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.