“ჩავთვალოთ, რომ ჩვენს ბაზარზე არსებული ქართული თაფლის 95 % მარგებელია, ქართულ თაფლს უნდა ენდოთ”- “მეფუტკრეთა გაერთიანების“ თავმჯდომარე , მიხეილ თეთრუაშვილი

“ჩავთვალოთ, რომ ჩვენს ბაზარზე არსებული ქართული თაფლის 95 % მარგებელია, ქართულ თაფლს უნდა ენდოთ” – ამის შესახებ, „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ, მიხეილ თეთრუაშვილმა განაცხადა.

თაფლის ხარისხთან დაკავშირებით თეთრუაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“მას შემდეგ, რაც ევროპულ ბაზარზე ქართული თაფლი დაიშვა, რაც ქართული კანონმდებლობა ევრო რეგულაციებს შეუერთდა, თავისთავად ბევრი რამის გადაიარაღება, გაანალიზება მოხდა. “მეფუტკრეთა გაერთიანება” ამ პროცესში აქტიურად ჩაერთო, განათლების მიმართულებით “განათლების ცენტრთან” ერთად ძალიან დიდი შრომა გავწიეთ, რათა მეფუტკრეებში მეტი განათლება შესულიყო, რაც გულისხმობს სუფთა, უსაფრთხო პროდუქტის მიღებას, მეფუტკრეობაში ისეთი პრეპარატების, წამლების გამოყენებას, რომელიც თაფლს , ფუტკრის სხვა პროდუქტებს არ დააბინძურებს. ამან დიდი შედეგი გამოიღო, აკრძალული ნივთიერებების დონე თაფლში დაბალ ნიშნულზე წამოვიდა. შარშანწინდელ მოსავალზე იყო მონაცემები, რომ ანტიბიოტიკების აღმოჩენა 5%-ში მოხდა. ეს ძალიან მცირეა და ფაქტობრივად, მაინც დადებით კონტექსტში უნდა განვიხილოთ, საგანგაშოს ვერ დავარქმევთ. ევროპაშიც კი დანაგვიანების რისკი ამაზე მაღალია. როცა საწყისი ნიშნულიდან დაიწყო კვლევები, დაახლოებით ხუთი წლის წინ (შეიძლება, ერთი წელიწადში იყოს სხვაობა) დაბინძურების მაჩვენებელი 95% იყო. შემდგომ 2-3% – ზე დავიდა, ახლა კი 5%-ზე. ვიმეორებ, ეს კარგი მაჩვენებელია, იქიდან გამომდინარე, რომ მეფუტკრეობაში დაავადებები ჭარბობს, მეფუტკრე იძულებულია, ხშირად ასეთი ნაბიჯი გადადგას. ანტიბიოტიკებს იყენებენ, რომელიც შემდგომ პროდუქციის დამაბინძურებელი ხდება. მაგრამ, აქ ბევრი კითხვის ნიშანია, ფუტკრის გადარჩენა, დიდი ალბათობით, მაინც ვერ ხდება. ამიტომ ვამბობ, რომ არ უნდა გავჩერდეთ, “განათლების ცენტრთან” ერთად ტრენინგების ჩატარება ისევ იგეგმება. სახელმწიფოც გვერდში გვიდგას. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მეფუტკრეობისთვის უამრავი პროექტი გააკეთა. თუნდაც სკების პროექტი , იდენტიფიცირების ბაზა შეიქმნა. ეს პროცესი მიდის, რომ ყველა საფუტკრე მეურნეობა აღირიცხოს.

ჩავთვალოთ, რომ ქართული თაფლის, რაც ჩვენს ბაზარზე იყიდება, 95 % მარგებელია, ქართულ თაფლს უნდა ენდოთ.

რაც შეეხება ფალსიფიცირების პრობლემას: აქაც ტენდენცია ძალიან დადებითი კუთხით მიდის. ახლა ოფიციალურ ბაზრებზე, მაღაზიებში, მარკეტებში, ძირითადად არა ფალსიფიცირებული, არამედ სუფთა, ნატურალური თაფლი იყიდება, ხოლო ფალსიფიცირებული თაფლი, ძირითადად , მაინც არაკონტროლირებად ბაზრებზე, ტურისტულ ადგილებში შეინიშნება. ეს აუცილებლად მისახედია, მომხმარებელსაც, მეფუტკრესაც თანაბრად ზიანს აყენებს. ამასთან ბრძოლის მიმართულების გეგმაც გვაქვს. ისევ სახელმწიფოსთან ერთად, იმედი გვაქვს, რომ ესეც შემცირდება” – განაცხადა მიხეილ თეთრუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები