თურქეთის მთავრობა აცხადებს, რომ ხუთდღიანი საპროტესტო აქციების დროს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1133 ადამიანი დააკავეს.
ორგანიზატორებს შეკრების თავისუფლების უფლების ბოროტად გამოყენებაში, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მცდელობაში, არეულობის პროვოცირებასა და პოლიციელებზე თავდასხმაში სდებენ ბრალს. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციების დროს 123 პოლიციელი დაშავდა.
ევროკომისიამ მოუწოდა თურქეთს, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, რადგან ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრი და ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატია.
„ჩვენ გვსურს, თურქეთი დარჩეს ევროპასთან დაკავშირებული, მაგრამ ეს მოითხოვს მკაფიო ვალდებულებას დემოკრატიული ნორმებისა და პრაქტიკის მიმართ.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის აუცილებელია ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემა. ისინი კვლავაც იქნებიან, ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობების განუყოფელი ნაწილი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ევროკომისიის წარმომადგენელმა.
ევროკავშირი მოუწოდებს თურქეთის ხელისუფლებას, უზრუნველყოს სრული გამჭვირვალობა და დაიცვას სათანადო პროცესი.