გიორგი გაბუნია: ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა არის აბსოლუტური ფარსი, საზოგადოებას ამის აღარ სჯერა – ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა, ერთი ამოცანით, ერთი უფროსით და ერთი დამფინანსებლით

ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა არის აბსოლუტური ფარსი, საზოგადოებას ამის აღარ სჯერა. ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა, ერთი ამოცანით, ერთი უფროსით და ერთი დამფინანსებლით. საზოგადოებამ ამის შესახებ უკვე დიდი ხანია იცის, – ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE“-ში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ ოპოზიციური პარტიების ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

„საქართველოს პარლამენტმა მიიღო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრებს შეუწყვიტა პარლამენტის წევრობა. ეს იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასულიყო საერთოდ ლეგალური პოლიტიკური სივრციდან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს 64-ვე მუნიციპალიტეტში და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზეც „ნაციონალურ მოძრაობის“ ადგილი აღარ იქნება.

ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აბსოლუტურად ყველა სახელისუფლებო შტოდან უნდა გავიდეს და დაამთავროს საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობა. მათი ადგილი არ იქნება, არც ადგილობრივი თვითმმართველობაში, არც პარლამენტში და შესაბამისად მათ არ ექნებათ არანაირი ინსტრუმენტი და ბერკეტი იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფოს ხელი შეუშალონ განვითარებასა და წინსვლაში. ნაციონალური მოძრაობა რომ არ იქნება პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად განვითარდება, უფრო მეტად წარმატებული და ძლიერი ქვეყანა იქნება“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები