გიორგი მამაცაშვილი: ვისაც ჩემსავით აქვს რწმენა პროფესიული ღირსების დაბრუნებისა – საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის სახელით, ჟურნალისტური სიამაყის განცდით ვულოცავ 21 მარტს – ქართული ჟურნალისტიკის დღეს!

ვისაც ჩემსავით აქვს რწმენა პროფესიული ღირსების დაბრუნებისა – საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის სახელით, ჟურნალისტური სიამაყის განცდით ვულოცავ 21 მარტს – ქართული ჟურნალისტიკის დღეს! – ამის შესახებ საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე, გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ჟურნალისტიკა არის პასუხისმგებლობა მკითხველის, მაყურებლის, მსმენელის წინაშე და პასუხისმგებლობა – საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ.

„წლებია, 21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღეს აღვნიშნავთ.

წლებია, ქართველი ჟურნალისტები ერთმანეთს ვეჯიბრებით ერთმანეთის ჩაგვრაში და ერთმანეთზე გავლენის მოპოვებაში.

წლებია, ჟურნალისტის სტატუსი ცილისწამებასთან, დაუმსახურებელ შეურაცხყოფასთან და ცინიზმთან ასოცირდება ბევრისთვის.

არადა, ჟურნალისტიკა ზნეობისა და მორალის ქვაკუთხედია.

ჟურნალისტიკა სინდისია, რომელიც ხშირად ქაღალდზე დაწერილი სახით გვხვდება და ხშირად – ტელე-რადიოეთერის საშუალებით გვახსენებს თავს.

ჟურნალისტიკა ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკისა და ნიკო ნიკოლაძის რჩევათა ჭიდილია.

ჟურნალისტიკა ის სიფრთხილეა, როდესაც სკანდალისა და ე.წ. ექსკლუზივის გამო საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცების ადგილმდებარეობას არ ასახელებ პირდაპირ ეთერში და სახელმწიფოებრივად აზროვნებას გაჩვევს ადამიანს.

ჟურნალისტიკა ის ერთადერთი სიმართლეა, რომელიც ფაქტსაც ასახავს, საკუთარ პოზიციასაც გაფიქსირებინებს და არც კაცს ჰკლავს!

ყოველ შემთხვევაში, მე ასეთად წარმომიდგენია.

ჟურნალისტიკა ის პროფესიაა, როდესაც კოლეგას თამამად ულოცავ დაბადების დღეს და იმის შიში არ გეუფლება, ვინმე რომ გადმოდგება და მორალს წაგიკითხავს, დაგჩაგრავს, აბუჩად აგიგდებს და საჯიჯგნად გადაუგდებს შენს თავს მავანთ.

ჟურნალისტიკა ის პროფესიაა, რომელიც ბარიკადებზე ერთ მხარეს გამყოფებს თუნდაც აზრობრივად და იდეოლოგიურად დაპირისპირებულ საკუთარ კოლეგასთან და ქვის სროლას არ იწყებ.

მეტიც: შესაძლოა, საკუთარი კოლეგისთვის ნასროლ ტყვიასაც კი თამამად და სიამაყით გადაეფარო!

ეს არის ჟურნალისტიკა!

ჟურნალისტიკა ერთი დიდი პროფესიული ოჯახია და შემცდარნიცა და შეუმცდარნიც საქვეყნო საქმის მსახურებას ცდილობენ…

ჟურნალისტიკაზე და ჟურნალისტებზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის აქტივისტთა ჯგუფზე ან ფინანსურად ანგაჟირებულ და ანგარებით გამაძღარ სუბიექტებზე…

ჟურნალისტობა, წლებია უკვე, პროფესიად აღარ მოიაზრება ჩვენში და ჟურნალისტები მარტოდენ რომელიმე პოლიტიკური ძალის გამპიარებლებად აქციეს ჩვენში პოლიტიკოსებმა თუ პოლიტიკანებმა.

სამწუხაროდ, ჟურნალისტიკა ე.წ. პიარმა ჩაანაცვლა და მეტიც – თუ ვინმეს მიკროფონი უჭირავს ხელში და სოციალურ ქსელში ორ სიტყვას აბამს ერთმანეთზე, ჟურნალისტად მოაქვს თავი.

არადა, ჟურნალისტიკა, უპირველეს ყოვლისა – პასუხისმგებლობაა!

პასუხისმგებლობა მკითხველის, მაყურებლის, მსმენელის წინაშე და პასუხისმგებლობა – საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ.

ესეც ჩაივლის.

ესეც გაივლის.

ისევ იქცევა ჟურნალისტიკა საამაყო პროფესიად და ისევ დაიბრუნებს ღირსებას ქართული ჟურნალისტიკა!

გულწრფელად მჯერა ამის.

და ვისაც ჩემსავით აქვს რწმენა პროფესიული ღირსების  დაბრუნებისა, – საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის სახელით, ჟურნალისტური სიამაყის განცდით ვულოცავ 21 მარტს – ქართული ჟურნალისტიკის დღეს!

ზნეობის სადარაჯოზე ვმდგარიყავით მუდამ და გვახსოვდეს – საქართველოა ჩვენი სამშობლო!“, – წერს გიორგი მამაცაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები