ნანა კაკაბაძე – ბრიტანეთის პარლამენტის წევრზე: ასეთი ყოფილა სამაგალითო ბრიტანული დემოკრატია – უნდა მიაწებო იარლიყი ვინმეს, რომ ის პრორუსია, მათმა პროპაგანდისტმა მედიებმა ყოველდღიურად უნდა იძახონ „პრორუსია, პრორუსია…“
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ბრიტანეთის პარლამენტის წევრის ჯეიმს მაკკლირის პოსტს ეხმიანება.
„იარლიყები და სანქციები
ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ჯეიმს მაკკლირი X-ის საკუთარ გვერდზე წერს: „უზარმაზარი სკანდალი – საქართველოში პრორუსული პროპაგანდის მმართველი ადამიანი გაერთიანებულ სამეფოში წლებია შეუფერხებლად მუშაობს… ირაკლი რუხაძისა და მისი ოლიგარქი უფროსის, ივანიშვილის დასანქცირების დროა“.
მოკლედ, ეს პატივცემული პარლამენტარი შეწუხებულა, როგორ შეიძლება პრორუსული პროპაგანდისტი ბრიტანეთში მუშაობდესო, მაგრამ რომ ჰკითხოთ, რაში გამოიხატება ივანიშვილის ან რუხაძის პრორუსობაო, ალბათ გიპასუხებთ, მაგას რა კითხვა უნდა, ეგ ხომ ისედაც ყველამ იცისო. ასეთი ყოფილა სამაგალითო ბრიტანული დემოკრატია – უნდა მიაწებო იარლიყი ვინმეს, რომ ის პრორუსია (ან მკვლელია, პედოფილია, ყაჩაღია და ა. შ.), მათმა პროპაგანდისტმა მედიებმა ყოველდღიურად უნდა იძახონ „პრორუსია, პრორუსია…“ და არავითარი მტკიცებულება არ სჭირდება ამას. მაშ რით განსხვავდებიან ესენი ბოლშევიკებისგან, რომლებიც წაღმა-უკუღმა არიგებდნენ „ხალხის მტრების“ იარლიყებს და ვერავინ დაარწმუნებდა ზომბირებულ ხალხს საწინააღმდეგოში.
ივანიშვილის და რუხაძის „პრორუსობა“ კი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ მათ, გარეშე ძალებს, არ მისცეს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის, ეკონომიკის ჩამოშლის, დამატებითი ტერიტორიების დაკარგვის, ქვეყნის განადგურების საშუალება და ბოლომდე დაიცვეს ქვეყნის ინტერესები – ერთმა თავისი გავლენით ხელისუფლებაზე და მეორემ თავისი ტელევიზიის გავლენით საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე.
საქართველოს მოსახლეობის პროდასავლურობა, საქართველოს დაუძინებელ მტრებსაც კი არ დაუყენებიათ ეჭვქვეშ. მაშინ რა გამოდის, თუ პროდასავლურად განწყობილი საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის რუხაძის ტელევიზიის პოპულარობა რამდენჯერმე აღემატება ერთად აღებული ყველა ოპოზიციური ტელევიზიების რეიტინგს, ამასთან დაკავშირებით ერთი მარტივი კითხვა უნდა დაისვას: თუ ჩვენი ხელისუფლება და მისი პროპაგანდის რუპორი (როგორც მას უწოდებენ), ირაკლი რუხაძის ტელეკომპანია „იმედი“ მართლაც პრორუსულია, როგორ ხდება, რომ ამ „პრორუსულ“ ტელევიზიას პროდასავლურ მოსახლეობაში ასეთი მაღალი რეიტინგი აქვს?
თუმცა, არგუმენტებს რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენი „დაუძინებელი მეგობრებისთვის“, მათთვის ხომ საკუთარი ქვეყნის განადგურებაზე, საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლაზე, დამატებითი ტერიტორიების დაკარგვაზე უარის თქმა არის პრორუსობა და დასანქცირების საფუძველი. ხოლო საკუთარზე მეტად უცხო ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება არის მისაღები და მისაბაძი. ამიტომაც იყო მათთვის სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი „დემოკრატიის შუქურა“, ხოლო ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი რუხაძის მსგავსი პატრიოტები ყოველთვის იქნებიან მიუღებელნი, რის გამოც საკუთარი პროპაგანდისტული მედიების საშუალებით მიაკერებენ „პრორუსების“ იარლიყებს.
საინტერესოა თვითონ პარლამენტარი ჯეიმს მაკკლირი ბრიტანელმა ხალხმა აირჩია ბრიტანელი ხალხის, ბრიტანეთის ინტერესების დასაცავად თუ საკუთარი ქვეყნის ინტერესების განადგურების ხარჯზე რომელიმე სხვა ქვეყნის ინტერესების დასაცავად?
რატომ უკვირთ და რატომ აწებებენ პრორუსის იარლიყებს, საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც გააკეთა ის, რასაც ნებისმიერი ქვეყნის პატიოსანი ხელისუფლება გააკეთებდა?
ამ კითხვაზე ერთი პასუხი არსებობს: იმიტომ, რომ პატარა ქვეყნები დიდი ჰეგემონიების ინტერესების გატარებისთვის ფინანსდებოდნენ ევროპიდანაც და ამერიკიდანაც.
და თუ საქართველომ ან რომელიმე მისი ზომის ქვეყანამ უარი თქვა საკუთარი ქვეყნის გაწირვაზე სხვა ქვეყნის კლანური ინტერესებისათვის, ასეთი ქვეყნის ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები ბრიტანეთისთვის და ევროკავშირის წევრი ზოგიერთი წარმომადგენლისთვის პრორუსული იარლიყის მიკუთვნებას, დასჯას და დასანქცირებას იმსახურებს“, – წერს ნანა კაკაბაძე.