ალექსანდრე წულაძე: ბოლო ერთი წლის მანძილზე ასამდე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია და მშენებლობა განხორციელდა
“ბოლო ერთი წლის მანძილზე ასამდე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია და მშენებლობა განხორციელდა. მშენებლობის გარდა, განვახორციელეთ 400-მდე სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციაც”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, განათლების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ზრუნვის საგანია მასწავლებლები, მათი კვალიფიკაცია და სამუშაო გარემო.
„დღეს კახეთის რეგიონში სამ განახლებულ სკოლაში დაიწყო და გაგრძელდა სწავლა. ჩვენთვის მთავარია არა მარტო ის, რომ განახლდა ინფრასტრუქტურა, არამედ კონცეპტუალურად განახლდა სასკოლო პროცესი. განახლებულ შენობებში იქნება როგორც ციფრული, ისე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. ყველა განახლებულ სკოლაში არის მოწყობილი როგორც ექთნის, ექიმის კაბინეტი, ასევე სხვა საჭიროების მქონე ბავშვებისათვის სპეციალური რესურს ოთახები. ეს არის აბსოლუტურად განახლებული კონცეფციით შექმნილი სკოლები. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს განათლების სამინისტრო ახორციელებს ახალი სასკოლო სტანდარტების დამტკიცებას, შესაბამისად, განვაახლებთ იმ სასკოლო პროგრამებს, რომელიც ხორციელდება საბაზო საფეხურზე საჯარო სკოლებში. განათლების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ზრუნვის საგანია მასწავლებლები, მათი კვალიფიკაცია და სამუშაო გარემო. ამ მიმართულებითაც გვაქვს ძალიან ბევრი და სასიამოვნო სიახლეები დაგეგმილი, მქონდა საშუალება, რომ მესაუბრა დღეს მასწავლებლებთან შეხვედრისას.
ბოლო ერთი წლის მანძილზე ასამდე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია და მშენებლობა განხორციელდა.
ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 40 ათასამდე მოსწავლე ამ ყველაფრის ბენეფიციარი. მიმდინარე წელს დაახლოებით 50-მდე სკოლის გახსნას ვვარაუდობთ. სრული რეაბილიტაციის და მშენებლობის გარდა, განვახორციელეთ 400-მდე სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციაც, რაც ასევე მნიშვნელოვანი პროცესია“, – აღნიშნა წულაძემ.