გივი მიქანაძე ფეხბურთელების მიმართ ბულინგზე: იმ კამპანიას, რომელსაც ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, მართლაც სამარცხვინოა
„საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მინდა დღევანდელ და განმეორებით მატჩში წარმატება ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთი საამაყო ფურცელი ჩაიწერება ქართულ ფეხბურთის ისტორიაში და ჩვენი ნაკრები მხოლოდ და მხოლოდ წინსვლას და ახალი გამარჯვებისკენ სწრაფვას გააგრძელებს,“ – ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთების მიმართ დაწყებულ ბულინგის კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საამაყო სანიმუშო ქართველები, ხდებიან ბულინგის და ზიზღის კამპანიის ობიექტი, ეს მართლაც სამარცხვინოა.
„რაც შეეხება იმ კამპანიას, რომელსაც ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, მართლაც სამარცხვინოა. ბიჭებმა, რომლებმაც უდიდესი სიამაყის გრძნობა შესძინეს თითოეულ ქართველს, რომლებმაც გული და სული ჩადეს, შრომა და თავდადება არ დააკლეს იმას, რომ საქართველოს ნაკრები პირველად მოხვედრილიყო ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე და იქაც რამხელა ბრძოლები გადაიტანეს, რომ ჯგუფური ეტაპი დაეძლიათ, უდიდეს გამარჯვებს მიაღწიეს. დღეს, ეს მართლაც საამაყო სანიმუშო ქართველები, ხდებიან ბულინგის და ზიზღის კამპანიის ობიექტი, ეს მართლაც სამარცხვინოა.
რეალობა არის ის, რომ ჩვენ ვხედავთ, ის ადამიანები, რომლებიც დგანან იმ მხარეს, რომლის მიზანიც არის ამ ქვეყნის ჩამოშლა, ამ ქვეყნის ყველანაირი პერსპექტივის უკან დაწევა და რომლებიც ამ ქვეყნის და ამ ქვეყანაში მცხოვრები საზოგადოების წინააღმდეგ დგამენ ნაბიჯებს იმიტომ, რომ ისინი არიან მონა – მორჩილი იმ ლიბერალური ძალების, რომლებიც ცდილობენ ამ ქვეყნის ერთხელ და სამუდამოდ ჩამოშლას.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან ჯანსაღად განსჯის და გააანალიზებს ამ ყველაფერს. სპორტი, კულტურა და განათლება ეს ის მიმართულებებია, რომლის პოლიტიზება არანაირად არ შეიძლება. ჩვენ გვაერთიანებს ეს ყველაფერი, მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა, ამიტომ ის, რაც გააკეთეს ჩვენმა ბიჭებმა, ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენი ერი არის ერთიანი და ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს ერთად გასაკეთებელი ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩვენს ბიჭებს დღევანდელ დღეს გამარჯვებას ვუსურვებ და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ კიდევ არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ მათთან ერთად“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.