“ზურაბიშვილმა მორიგი, ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგა, როდესაც გააგზავნა რაღაც კომუნიკე, რომლითაც კიდევ ერთხელ მიმართავს, იმოქმედონ ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს კანონიერად არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგოდ” – მიქანაძე
.”სალომე ზურაბიშვილმა მორიგი, ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგა, როდესაც გააგზავნა ერთგვარი, რაღაც კომუნიკე, ერთობლივი დოკუმენტი, რომლითაც ის კიდევ ერთხელ მიმართავს, რომ იმოქმედონ ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს კანონიერად არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, რომელიც წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანს”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.
ის სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპელ ლიდერებთან გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.
„კვლავაც მათი მთავარი იმედი არიან ის ადამიანები, ის ლიბერალური ძალები, რომელთა მორჩილებაშიც და სრულ დაქვემდებარებაში სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან და მხოლოდ და მხოლოდ მათი მითითებებით მოქმედებენ. მაგრამ ის, რომ საქართველო დღეს ევროპული საბჭოს ლიდერების დღის წესრიგში არ არის, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ევროპული საბჭოს ლიდერებიც ხვდებიან იმ გარემოებას, რომ მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები, ის უსამართლო და მართლაც სამარცხვინო რეზოლუციები, რომელიც მიღებული იქნა განსაკუთრებით ევროპარლამენტის მიერ აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული არის. მათ ძალიან კარგად იციან ვინ აირჩია საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა. რომ ეს არის მშვიდობაზე და ქვეყნის განვითარებაზე და ევროპაში ინტეგრაციაზე ორიენტირებული ძალა, „ქართული ოცნება“. და რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ძალიან მყარად დგას ამ ძალის გვერდით და მასთან ერთად ხდება ხელისუფლების განხორციელება საქართველოში. სწორედ ამიტომ მისი ეს ფუჭი გზავნილი მხოლოდ და მხოლოდ კიდევ ერთხელ ავლენს მის რეალურ მიზნებსა და მის რეალურ სახეს, რასაც სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს.
ჩვენ ვხედავთ, რომ განდიდებული სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში ლამის თამარ მეფეს შეადარეს მისი პიროვნება, ახლა უკვე კონკრეტული რადიკალური ოპოზიციის ლიდერების მხრიდან უდიდესი კრიტიკის ობიექტი ხდება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს შიდა დაპირისპირებაზე. ის რომ მათ შორის კოორდინაცია ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ოპოზიცია, რადიკალური ფრთა ბოლომდე გაპარტახებულია. რომ მათ აქვთ ნიჰილიზმი სრულიად სამართლიანი იმიტომ, რომ ხედავენ, რომ უკვე რიგით მეცხრე არჩევნებს ვერ იგებენ და საზოგადოება მეცხრე ჯერზე ეუბნება მათ უარს.
მათი ყველანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებულიყვნენ რევოლუციური გზით ჩაეშალათ, ჩაუვარდათ და არანაირ შედეგის მომტანი არ არის იმ მცირე აქტივობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციურ სპექტრთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ექსპრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომზ ოპოზიციასთან კოორდინაციის ფარგლებშიზ ერთობლივი წერილი გაიგზავნა ევროპელ ლიდერებთან, რომლებიც დღევანდელ ევროპული საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობენ.