სახალხო დამცველმა შშმ პირთა ქსელის გაერთიანებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

19 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელის გაერთიანებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელზეც შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, თავის გამოსვლაში საქართველოს სახალხო დამცველმა აპარატის მიერ შშმ პირთა, უფლებების მიმართულებით გამოკვეთილი ძირითადი გამოწვევები მიმოიხილა.

“ისაუბრა გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა ჩართვის მნიშვნელობაზე, შშმ პირთა სტატისტიკის წარმოებისა და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის პრობლემებზე; განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა საჭიროებებზე.

ხაზი გაუსვა ფიზიკური გარემოს, ინფორმაციისა და კომუნიკაციის მისაწვდომობის, ასევე, შშმ პირთა/ბავშვთა მიზნობრივი სარეაბილიტაციო პროგრამების, ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებულ სისტემურ გამოწვევებს.

სახალხო დამცველი აქტიურად მუშაობს შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ანხორციელებს მონიტორინგს, ატარებს კვლევებს, ინდივიდუალურ საქმისწარმოებას. გამოკვეთილ პრობლემებსა და მათ აღმოსაფხვრელად პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებებისადმი შემუშავებულ რეკომენდაციებს სახალხო დამცველი ყოველწლიურ საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში ასახავს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები